
ირაკლი ღარიბაშვილი: წინააღმდეგი ვარ ციხე დატოვონ ჯაშუშებმა
10:57:27     28-12-2012
შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვეტოს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერით გამოეხმაურა. როგორც აღმოჩნდა ამნისტიასთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებზე ღარიბაშვილისა და სააკაშვილის პოზიციები სრულ თანხვედრაშია.
ირაკლი ღარიბაშვილი: ამნისტია რა თქმა უნდა, კარგია, ეს არის ძალიან ჰუმანური აქტი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ადამიანზე, რადგან ადამიანია ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა საშუალება.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, მე არასდროს დამიმალავს და აქვე კიდევ ერთხელ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის პოზიციაა, რომ თუ ქვეყნის ინტერესებს ეხება საქმე, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ძალიან პრინციპულები უნდა ვიყოთ.
დიახ, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი ციხიდან გამოვიდნენ ნარკორეალიზატორები. ამ საკითხში ჩემი და ჩემი გუნდის პოზიციები განსხვავდებოდა პარლამენტის უმრავლესობის პოზიციისგან. წინააღმდეგი ვარ ციხე დატოვონ ჯაშუშებმა, როცა ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ემთხვევა თუ არა მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებას, შს მინისტრმა დადებითი პასუხი გასცა.
პრეზიდენტის მსგავსად მინისტრი ღარიბაშვილი სასტიკი წინააღმდეგია ციხიდან პედოპილიისთვის ბრალდებულთა გათავისუფლების.
„ეს ძალიან საშიში დანაშაულია მე ასეთ ადამიანებს ციხიდან არ გამოუშვებდი’’ - განაცხადა ირაკლი ღრიბაშვილმა.