მიხეილ სააკაშვილი: პარლამენტმა იკისროს პასუხისმგებლობა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს

  10:43:51     28-12-2012

პრეზიდენტმა ამნისტიის კანონპროექტის რამდენიმე მუხლს ვეტო დაადო. შესაბამისად, პარლამენტს მოუწევს მის გადალახვაზე იზრუნოს, რასაც 89 დეპუტატის ხმა დასჭირდება. 

მზადება ვეტოს გადალახვაზე საკანონმდებლო ორგანოში წინასწარ დაიწყეს და ‘’ოცნებას’’ იმედი აქვს, რომ საახალწლოდ ციხეებს სხვა დამნაშავეებითან ერთად სახელმწიფო გადატრიალებასა და პედოფილიისთვის მსჯავრდებული დატოვებენ...

სახელმწიფო გადატრიალებასა და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას რომ თავი დავანებოთ, ‘’ოცნებას’’ არ აინტერესებს რას ფიქრობენ ის მშობლები, რომელთა მცირეწლოვანი შვილებიც პედოფილიის მსხვერპლი გახდნენ, ‘’ოცნებას’’ არ აინტერესებს იმ ადამიანების ბედი, ვისაც შვილები მოუკლეს. ჰუმანური აქტი, იმეორებს ბესელია, რომელსაც მსგავს დანაშაულში ბრალდებულთა დაცვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ციხეების გამოცარიელებას აქტიურად ცდილობს.

ყველაზე ხმაურიან კანონპროექტს პრეზიდენტი გუშინ გამოეხმაურა და აღნიშნულ თემაზე ვრცლად ისაუბრა.

მიხეილ სააკაშილი: ‘’საკითხი, რომელიც ძალიან გვაღელვებს ეს არის ამნისტია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება არასტაბილურობის განცდას.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შეეხება.

საქართველოს პარლამენტის მიერ გადმოგზავნილი კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, ადმინისტრაციაში 10 წუთის წინ შემოვიდა.

ამ ცოტა ხნის წინათ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ დანაშაული გაიზარდა „უმნიშვნელოდ“, მხოლოდ 50 პროცენტით.

როგორც წესი, ამნისტია ცხადდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელო ციხეები, მაგრამ თუ აცხადებ, რომ დანაშაული 50 პროცენტით გაიზარდა და გარეთ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს უშვებ, დიდი პრობლემა გაქვს.

ამ კანონპროექტში არის კონკრეტული მუხლები ე.წ. პოლიტიკური პატიმრების. არც ერთ სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციას არასდროს არ უთქვამს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. ხუთი პოლიტპატიმარია  ბელარუსში, თუ არ ვცდები, 11 ჩრდილოეთ კორეაში და საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა, რომ აქ 200 პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს. ვის ვაწონებთ ამით თავს?

თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო განცხადება იმის შესახებ, რომ 200 პოლიტპატიმარი გვყავს, მინიმუმ, ვაცხადებთ, რომ ვართ ძალიან არასერიოზული ქვეყანა. და მაშინ  ვინ ჩადებს ამ ქვეყანაში ფულს, ვინ ჩამოვა, ვინ დაგასაქმებს, ვინ გააკეთებს საქმეს?

ამ სიაშია კონკრეტული ხალხი, მათ შორის პირი, რომლის მიცემული ინფორმაციით, ფოთში მოგვიკლეს უამრავი ადამიანი - პირდაპირ იცოდნენ როდის უნდა დაებომბათ ფოთის პორტი. იგივე, „ენვერის“ საქმე... და ეს ხალხი გადის გარეთ.

იყო ასეთი „უწყინარი“ მკვლელი - მაისაია, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციას გადაეყარა ევროპაში. ხანდახან უსაფრთხოების ანალიზს აწვდიდა მათ, მაგრამ შემდეგ სულ უფრო სერიოზულ მასალებს სთხოვდნენ. ჩვენი შიდა დაცვა არ იყო კარგი და ამიტომ ბევრ სენსიტიურ ინფორმაციას მოიპოვებდა თავდაცვის სამინისტროში - ეს ყველგან სახელმწიფო საიდუმლოა. მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთის „გრუ“-ს აგენტები დავაკავეთ, შეეშინდა და თანამშრომლობაზე უარი თქვა, მაგრამ მიღებული ანაზღაურების გამო, კვლავ გააგრძელა მათთან ურთიერთობა. 2008 წელს რუსებს ჩვენი ნაწილების გადაადგილების სქემებს გადასცემდა. ახლა კი მაისაია გადის გარეთ, როგორც პოლიტიკური პატიმარი.  

პოლიტპატიმართა სიაშია ის ხალხიც, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდა, მათ შორის, მუხროვანის სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი, აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი. თავის დროს, შეწყალებაზე უარიც კი თქვა: მოვა ჩემი მთავრობა და გამათავისუფლებსო...

იმედი მაქვს, ამ დამნაშავეებს ჩემს ჯინზე უშვებენ და არა ვიღაცის დაკვეთით, რადგან თუკი რუსეთის აგენტებს ათავისუფლებ ასე მასობრივად, ეს ან ჩემს ჯინზე ხდება - რაც კიდევ გასაგებია - ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით.

კანონპროექტის ამ ნაწილს დავადებ ვეტოს, რადგან ნამდვილად არ  მინდა, ჩვენს ქვეყანას მოვჭრა თავი.

მიმაჩნია, რომ მასობრივი ამნისტია სრულიად მიუღებელია, მაგრამ ეს არის პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველ ნაწილში მათ უნდა გადალახონ ვეტო. საკუთარ თავზე აიღონ იმის პასუხისგმებლობა, რომ საქართველოს ჭრიან თავს და ამ უსამართლობას აკეთებენ.  

გამოუშვან ციხიდან სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორები, რუსეთის აგენტები - პუტინი კიდევ ერთხელ შეაქებს მათ და იტყვის, რომ საქართველოდან პოზიტიური სიგნალებია.

ყველა სხვა დანაშაულთან ერთად, ამავე კატეგორიაში გაყავთ პედოფილია, რომელიც არ იკურნება...

ჩემთვის ყველა დანაშაული მიუღებელია, მაგრამ პედოფილიის ნაწილში, ამ პროექტს დავადებ ვეტოს. გადალახონ ვეტო პედოფილიის ნაწილშიც და პარლამენტმა იკისროს პასუხისმგებლობა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებსა და რუსეთის აგენტებს. საღი გონებით, მე ამას ხელს არ მოვაწერ.

ეს მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს’’.

მაშ ასე, დღეიდან პარლამენტი იწყებს მუშაობას ვეტოს გადასალახად...