რა ბერკეტები აქვს უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად

  15:44:43     27-12-2012

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, დეპუტატები პრეზიდენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონპროექტისთვის ვეტოს შესაძლო დადების საკითხს განიხილავენ.

უმრავლესობა პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას ორ კანონპროექტზე ელოდება – საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტსა და – ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე.

‘’პრესა.ჯი’’ დაინტერესდა რა ბერკეტები შეიძლება ჰქონდეს უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.

პრესა.ჯი: რას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენების შემთხვევაში?

ავთანდილ დემეტრაშვილი: კანონის თანახმად, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად 89 ხმაა საჭირო.  აღნიშნული რაოდენობის  მანდატი "ქართულ ოცნებას" არ გააჩნია, მას ჰყავს 83 დეპუტატი, ამიტომ სავარაუდოდ, ისინი  დამოუკიდებელი ფრაქციების მაჟორიტარების დახმარებას გამოიყენებენ. 

- ქრონოლოგიურად რომ აგვიხსნათ რა პროცედურებია საჭირო ვეტოს გამოყენების შემდეგ?

- ყოველი კანონპროექტი, მის გამოქვეყნებამდე მიდის პრეზიდენტთან. ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუცია აძლევს იმის საშუალებას, რომ ან ხელი მოაწეროს წარმოდგენილ კანონპროექტს და 10 დღის ვადაში დაუბრუნოს ის პარლამენტს,  ან თავისი შენიშვნებით გადაუგზავნოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმეორე განხილვისთვის.

ამ შემთხვევაში პრეზიდენტი იყენებს შეყოვნებით ვეტოს. ამის შემდეგ პარლამენტი ჯერ კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს, თუ იმავე უმრავლესობით, რაც ამ კანონის სახისთვისაა დადგენილი იქნება მიღებული შენიშვნები,  მაშინ შესწორებულ და შენიშვნაგათვალისწინებულ პროექტს უგზავნის პრეზიდენტს. ამის შემდეგ პრეზიდენტი კანონპროექტს 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს. 

- რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი შენიშვნის გათვალისწინების შემდეგაც არ დაეთანხმა კანონპროექტს?

- ამ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია კენჭი უყაროს თავისივე კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტს და თუ ამ კანონპროექტს დაუჭირა მხარი პარლამენტის სიითი შემადგენლობის 3/5 - მა მაშინ პრეზიდენტის ვეტო გადალახული იქნება. კანონპროექტი მიდის პრეზიდენტთან და პრეზიდენტი აწერს მას ხელს. თუ ქვეყნის პირველმა პირმა კანონპროექტს ამჯერადაც არ მოაწერა ხელი, მაშინ ამას პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს. კანონში ფიქსირდება არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერა.

- შეუძლია თუ არა პრეზიდენტს კანონის ცალკეულ მუხლებს დაადოს ვეტო?

- მას ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია. გააკეთებს განცხადებას, რომ ის მთლიანად კანონპროექტს არ ეთანხმება ან ცალკეულ შენიშვნებზე გამოიყენებს  ვეტოს. 

- რა რესურსი აქვს პარლამენტს ვეტოს დასაძლევად და რა რესურსი აქვს პრეზიდენტს პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემთხვევაში?

- პრეზიდენტს იმედი რომც არ ჰქონდეს, რომ მისი შენიშვნები გათვალისწინებლი იქნება, მას შეუძლია თავისი პოზიცია დააფიქსიროს. როგორც თავში აღვნიშნე დღეს არსებული მდგომარეობით უმრავლესობას აქვს  90-მდე მანდატი, რაც საკმარისია ვეტო დაძლიოს. 

- და პრეზიდენტს არ აქვს უფლება უმრავლესობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს?

- მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ამ კანონპროექტს არ მოაწერს ხელს, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა.