
პრეზიდენტმა ამნისტიის შესახებ კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს
16:14:02     26-12-2012
ბესელია-ხიდაშელის მიერ მომზადებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ უკვე იქცა აზრთასხვადასხაობისა და დაპირისპირების საგნად. კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მეოცნებე დეპუტატებმა მესამე მოსმენით დაამტკიცეს, საკმაოდ საფუძვლიან ეჭვებს აღძრავს.
კერძოდ, კანონპროექტის მე-16 მუხლის მიხედვით, ამნისტია ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (განზრახ მკვლელობა, ნარკოტიკების გაყიდვა, ტერორიზმი) გასამართლებულ პატიმრებსაც.
მაგალითად, იმ პატიმრებს, რომლებიც განზრახ მკვლელობის მუხლით არიან გასამართლებულნი, სასჯელი მეოთხედით უმცირდებათ, რამაც საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ მისამართით სერიოზული აგრესია გამოიწვია.
მართლაც, ძნელია კანონპროექტის ავტორებმა: ბესელია-ხიდაშელმა იმ ადამიანებს, რომლებსაც შვილი ან ოჯახის სხვა წევრი მოუკლეს, აუხსნან, რატომ უმცირებენ მკვლელებს სასჯელს... ეჭვებს აძლიერებს გაუპატიურების, ტერორიზმსა და ნარკოტიკების გავრცელებისათვის მსჯავრდებულ პატიმრებზე სასჯელის შემცირების ფაქტიც, რაც ამავე კანონპროექტითაა გათვალისწინებული.
"გარკვეული მუხლები, რომელიც კანონპროექტშია ჩადებული გვაეჭვებს, რადგან ამ მუხლებმა შეიძლება კრიმინალის გაზრდის რისკი წარმოქმნას. ჩვენ შენიშვნები გვაქვს რამდენიმე მუხლთან და ე.წ პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით - ვგულისხმობ ბესელია-კაკაბაძის სიას. როდესაც ათავისუფლებ ტელევიზიაზე თავდასხმასა და ტერაქტებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულ ადამიანებს, ეს არ არის სწორი ნაბიჯი.
პრეზიდენტს ამაზე თავისი მოსაზრებები აქვს და როდესაც კანონი ადმინისტრაციაში შევა, პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებას თავად გამოაცხადებს", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა. დეპუტატმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობაც რომ პრეზიდენტმა ამნისტიის შესახებ კანონს ვეტო დაადოს.
აღსანიშნავია, რომ ამნისტიის შესახებ კანონის ამ ფორმით მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ერთი ნაწილიც. მაგალითად, დეპუტატ კობა დავითაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეუმცირდეს იმ პატიმარს სასჯელი, რომელმაც ადამიანი მოკლა.
დავითაშვილის აზრით, მკვლელების, ტერორისტებისა და ნარკოტიკების გამსაღებელთა გათავისუფლება (ან მათთვის სასჯელის შემსუბუქება) უსამართლობა იქნება და მოკლულთა ახლობლების სამართლიან პროტესტს გამოიწვევს.
„ყველაზე ჰუმანურ ინსტიტუტს - ეკლესიასაც კი აქვს იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელიც უპატიებელი ცოდვაა. ჩვენ რატომ უნდა შევუმციროთ სასჯელი მკვლელებს?“, - კითხულობს დავითაშვილი.
„მე არ დავუჭერ ამ კანონპროექტს მხარს, რადგან პატიმარი, რომელმაც ადამიანი განზრახ მოკლა, ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, არ იმსახურებს სასჯელის შემსუბუქებას“, - ეს უკვე „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ გოგლა ჟვანიას განცხადებაა. ზურაბ ჟვანიას ძმის აზრით, კანონი ამნისტიის შესახებ, პარლამენტს ამ ფორმით არ უნდა მიეღო, რადგან კითხვები, მე-16 მუხლთან დაკავშირებით, მართლაც ლეგიტიმურია.
ამნისტიის შესახებ კანონისა და მკვლელთა სასჯელის შემსუბუქებას ეწინააღმდეგება 2011 წლის 26 მაისს მოკლულ პოლიციელ მასურაშვილის დედაც. კანონის მიხედვით, პოლიციელ მასურაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული პირი და ნინო ბურჯანაძის ესკორტის წევრი, პოლიტპატიმართა სიაშია.
მოკლული პოლიციელის დედა, ქალბატონი ანა აზნაურაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის შედგენაში, პატიმრების ახლობლებისგან ფული აიღო.
კანონის მიმართ პრეტენზიები აქვთ ექსპერტებსაც. ექსპერტთა აზრით, პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიაში ბევრი ისეთი პატიმარია შეყვანილი, რომელთაც არავითარი კავშირი არ ჰქონიათ პოლიტიკასთან.
მათი განმარტებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სტატუსი მიენიჭათ იმ პატიმრებსაც, ვინც თავის დროზე რუსეთთან აგენტურული საქმიანობის გამო დააპატიმრეს.
მიუხედავად საზოგადოებაში არსებული კითხვებისა, დეპუტატი ბესელია მაინც კატეგორიულად ამტკიცებს, რომ მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული პატიმრები, სასჯელის შემსუბუქებას იმსახურებენ.
P.S: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთამდე არ შესულა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ. შესაბამისად, ჯერჯერობით, მაინც გაურკვეველია გამოიყენებს თუ არა, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა ამნისტიის შესახებ კანონს ვეტო დაადო, პარლამენტს კანონის ასამოქმედებლად ერთადერთი გზა რჩება - დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო. ამ პროცედურისთვის 89 დეპუტატის ხმაა აუცილებელი.
პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 83 დეპუტატი ჰყავს. ამიტომ, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, „ოცნებას“ დამატებით 6 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.