პატიმარი თვითმკვლელობამდე დასაკვირვებელ ოთახში გადაიყვანეს

  15:34:47     26-12-2012

24 დეკემბერს, რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, თემურ კორტავას პატიმრის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მომხდარის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

გარდაცვლლის დედა ეთერ აბაშია აცხადებს, რომ კორტავა მოკლულია. მისი თქმით, პატიმარს რუსთავის ციხეში ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდნენ. გამომდინარე აქედან ოჯახი ეჭვობს, რომ კორტავას დაკითხვა ვიღაცებს არ აწყობდათ, რადგან ცემის ფაქტი გამჟღავნდებოდა და ამის გამო მოკლეს.

"ჩემი შვილი ჩამოიშორეს, სინამდვილეში თემურ კორტავას თავი არ ჩამოუხრჩვია", - აცხადებს ეთერ აბაშია.

დედის ვარაუდს ის გარემოებაც ამყარებს, რომ  კორტავა ციხიდან უახლოეს პერიოდში უნდა გამოსულიყო.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვა.

"მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თ.კ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სოზარ სუბარის უწყებამ მომხდარიდან მეორე დღეს გაავრცელა.

‘’პრესა.ჯი’’ გამოძიების მსვლელობის დეტალების გასარკვევად სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ რეზო ხოფერიას დაუკავშირდა.

პრესა.ჯი: გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ პატმარი მოკლეს, შეეძლო ვინმეს კორტავას საკანში შეღწევა და მისი მოკვლა?

რეზო ხოფერია: ასეთი პირობა ნამდვილად არ არსებობდა. მომხდარზე ძიება მიმდინარეობს, როგორც ვიცი არსებობს ვიდეო ჩანაწერიც. პატიმარი ამ სამწუხარო ფაქტამდე გადაყვანილი იყო დასაკვირვებელ ოთახში.

- რატომ გახდა საჭირო პატიმრის გადაყვანა აღნიშნულ ოთახში?

- ბადრაგმა შეატყო რომ პატიმარი არაადეკვატურად იქცეოდა და გადაწყდა მისი ამ ოთახში გადაყვანა. სამწუხაროდ, რაღაც მომენში მოხდა ესეთი ძალიან სამწუხარო ფაქტი.

- ანუ კორტავა ოთახში სრულიად მარტო იყო და ამის დადასტურება ვიდეომასალითაა შესაძლებელი?

- დიახ, მარტო იყო, აბა ვინმესთან ერთად რომ ყოფილიყო ხომ გადაარჩენდა. როგორც ვიცი ასეთი ჩანაწერი არსებობს. ჩვენი შიდა საგამოძიებო სამსახური ამ მასალას სწავლობს.