
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი: ჩვენთან ეს არ გაგივათ, ბატონო ივანიშვილო
13:38:48     26-12-2012
ბაქოში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი დაიწყო. ორმხრივ შეხვედრებამდე თავის აზრს გამოთქვამენ პოლიტოლოგები, რომელთა განხილვის აქტიური თემაც ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის შესახებ პრემიერის განცხადებებია.
პოლიტოლოგი ბაქოს პოლიტიკური კვლევების ცენტრ „ატლასის“ ხელმძღვანელი ელხან შახინოღლუ ამბობს, რომ ივანიშვილი, რომელიც „ხან აცხადებს, რომ ვერ ხედავს სარგებელს პროექტში, ხან კი ამბობს, რომ მადლობელია აზერბაიჯანის, ამ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი განცახდებებით ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს“. მისივე თქმით, ივანიშვილს ორი მიზანი აქვს - თავი მოაწონოს რუსეთს და როგორც ყოფილმა ბიზნესმენმა, რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს. შახინოღლუ დასძენს, რომ „რუსეთთან დაახლოებით, ივანიშვილს ავიწყდება, რომ კრემლი არ გაუშვებს ხელიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.“
ეკონომიკური კვლევებისა და გლობალიზაციის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილი კოლტაშოვი კი ფიქრობს, რომ ივანიშვილის ბაქოში ვიზიტი სულ სხვა რამეს უკავშირდება და ივანიშვილი შეეცდება აუხსნას ბაქოს, რომ რეგიონში ვითარება შეიცვალა და რომ თბილისისთვის აუცილებელია რუსეთთან დაახლოება.
ცენტრ „ტოლერანტობის“ ხელმძღვანელი აზერ რაშიდოღლუ ამბობს, რომ ივანიშვილმა უნდა გააკეთოს ჟესტი, რათა თავისი პრორუსული პოზიციის დემონსტრირება მოახდინოს.
„ივანიშვილის განცხადება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე თავისებური რევერანსი იყო რუსეთისთვის. მაგრამ აფხაზეთსა და ოსეთზე უარის თქმა საეჭვოა. ივანიშვილს ძალიან გაუჭირდება რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. კრემლის მიზანი კი ერთია - აქციოს საქართველო თავის ვასალად, როგორც ეს სომხეთს გაუკეთა. ქართველი ხალხი არასოდეს დათანხმდება, რომ კრემლის ჩექმის ქვეშ იცხოვროს. ივანიშვილი რისკავს ამომრჩეველთა ხმების დაკარგვას, რომლებიც მას არ აპატიებენ რუსეთთან ცალმხრივად დაახლოებას“ - ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ ივანიშვილი „სახიფათო ბილიკზე“ გადის, რომელიც მისი მთავრობისთვის საბედისწერო იქნება.
პოლიტიკური მიმომხილველი ნიჯად სამედოღლუ კი თვლის, რომ ივანიშვილის განცხადება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე შესაძლოა, სააკაშვილთან შიდაპოლიტიკური დაპირისპირების პრიზმაში იყოს განხილული, თუმცა უშვებს იმასაც, რომ ეს განცხადება თავად ივანიშვილის „პოლიტიკური არაადეკვატურობის“ შედეგია.
მილი მეჯლისის დეპუტატი რასიმ მუსაბეკოვი აცხადებს, რომ ივანიშვილი ახალია პოლიტიკაში, რომელიც ჯერ გაუაზრებელ განცახდებებს აკეთებს და მერე ცდილობს, შეარბილოს ისინი.
„ვფიქრობ, რომ ქართველი პრემიერი, რომელიც ხელისუფლებაში პოპულისტური დაპირებების ტალღაზე მოვიდა, რთულ სიტუაციაშია, როცა ეს დაპირებები უნდა შეასრულოს. მას უბრალოდ უნდა უთხრან: ძვირფასო, საქართველო რეგიონში ისედაც დაბალ ტარიფებში იღებს იაფ გაზს აზერბაიჯანიდან. გინდა ქართველებისთვის ტარიფების შემცირება? კი ბატონო, შეამცირე გადასახადები, აქციზები და ა.შ. აზერბაიჯანული გაზის ფასი კი საქართველოსთვის ისედაც დაბალია, მეტი აღარ შეიძლება. თვით სომხეთიც კი არ იღებს რუსეთისგან გაზს ასეთ ფასში“ - ამბობს დეპუტატი.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პოლიტოლოგმა და პროფესორმა ოლეგ პანფილოვმაც.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანული მხარე ბევრ უხერხულ კითხვას დასვამს. ეს კითხვები არჩევნების შემდეგვე გაჩნდა, მოხდა თავდასხმები აზერბაიჯანელებზე, დაიწყო საუბრები ზერბაიჯანული გაზის ფასის დაწევაზე, მერე კი, რბილად რომ ვთქვათ, ივანიშვილის ეს უადგილო განცახდება. ახალი ქართველი პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი ესმის პოლიტიკაში, ასევე, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან ცუდად ესმის ბიზნესიც“ - ამბობს პანფილოვი, რომელიც თვლის, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე ივანიშვილის განცახდება საკუთარი ელექტორატისა და კრემლისკენ იყო მიმართული.
თავის მხრივ, სტატიის ავტორი ვუგარ გასანოვი დასძენს, რომ „ივანიშვილმა დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება: „წარმატებული ბიზნესმენი, თვით მილიარდერიც კი, ყოველთვის არ არის ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი იმიტომაა პოლიტიკოსი, რომ ამა თუ იმ განცხადებაზე წინასწარ გათვალოს შესაძლო რეაქციები. ცხადი ხდება, რომ მოცემულ სიტუაციაში ქართული მთავრობის მეთაური თავისი განცახდებებით ბაქოსთან ვაჭრობას შეეცადა, რათა მოლაპარაკებებისას ბაქო-თბილისი-ყარსის ტრანზიტების საკითხში რაღაც პრეფერენციებისთვის მიეღწია. ბაქოსთან ვაჭრობა შეიძლება, მაგრამ მის ნაციონალურ ინტერესებთან თამაში საშიშია თავად საქართველოსთვისაც. ჩვენთან ეს არ გაგივათ ბატონო ივანიშვილო...“ - წერს ვუგარ გასანოვი.