Le Temps: ივანიშვილი შეტევას იწყებს, რათა მოხიბლოს რუსეთი

  10:31:29     26-12-2012

საქართველოს ახალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეტევას იწყებს, რათა მოხიბლოს რუსეთი და ევროკავშირი და უარყოს ბრალდება პროდასავლური სააკაშვილის კლანის წინააღმდეგ 'კუდიანებზე ნადირობის' ღიად გამოცხადების შესახებ წერს გაზეთ Le Temps -ის კორესპონდენტი ემანუელ გრინშპანი.

'შერჩევითი სამართალი, დემოკრატიისგან დაშორება, მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნება: კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის მიერ ფორმირებულ მთავრობას. მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერი მოვიდა ხელისუფლებაში, მინისტრები, გუბერნატორები, დეპუტატები - პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებულნი, დაკავებების, მუქარის, ფიზიკური ზემოქმედების ზომებს დაექვემდებარნენ. თავად სააკაშვილზე, რომელსაც ვაშინგტონი და ევროპა სწყალობს, ზეწოლას იმიტომ ახდენენ, რომ ის გადადგეს, რადგან მისი მანდატი 2013 წლის ოქტომბერში იწურება. რომ არ აღმოჩნდეს დიპლომატიურ იზოლაციაში, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში უცხოელი ჟურნალისტები მიიწვია' - წერს ავტორი.

'საუბარი არ არის შურისძიებაზე. ჩვენი მიზანია სამართლიანობის აღდგენა' - ციტირებს გაზეთი პრემიერის სიტყვებს და იქვე ასკვნის, რომ ქვეყანა რეგრესირებს.

'ქართველების დიდი პრობლემაა ის, რომ მათ არ იციან ხელისუფლების გაყოფა და კომპრომისზე წასვლა. ეს ადგილობრივი მენტალიტეტია. ის, ვინც ძლიერია, იღებს ყველაფერს, როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში' - ამბობს ლუდოვიკ ჟირო, ფრანგი მეწარმე, რომელიც უკვე ორი წელია თბილისში მუშაობს.

'ივანიშვილი ამბობს, რომ ქვეყნისათვის პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატოში შესვლა. ამასთან პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ის არ იყენებს 'შეურაცხმყოფელ რიტორიკას' ვლადიმერ პუტინის მიმართ, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი აკეთებს. ივანიშვილი აპირებს აღადგინოს პირდაპირი კონტაქტები რუსეთთან და დაავალა თავის ემისარს ჟენევაში გრიგორი კარასინს შეხვედროდა' - წერს გაზეთი და 'ქართული დიპლომატიური წყაროს' შეფასება მოჰყავს: 'ბოლო ორმხრივი კონტაქტი არ იყო ბოლომდე პოზიტიური. ქართველებს არ აქვთ მოსკოვზე ზეწოლის ბერკეტი, კრემლს კი არ აქვს არანაირი სურვილი, თავის სამხრეთ საზღვრებთან ჰყავდეს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელმაც კორუფციის აღმოფხვრა მოახერხა' - ასე ასრულებს ემანუელ გრინშპანი სტატიას.