![უფლებადამცველების მიერ მიტოვებული ციხე და კიდევ ერთი გარდაცვლილი პატიმარი უფლებადამცველების მიერ მიტოვებული ციხე და კიდევ ერთი გარდაცვლილი პატიმარი](http://presa.ge/img/multimedia/a22678.jpg)
უფლებადამცველების მიერ მიტოვებული ციხე და კიდევ ერთი გარდაცვლილი პატიმარი
12:12:32     25-12-2012
სასჯელაღსრულების სამინისტრო კიდევ ერთი პატიმრის გარდაცვალების შესახებ იტყობინება. სუბარის უწყების განცხადებით, 2012 წლის 24 დეკემბერს, 15:45 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #6 დაწესებულებაში დაფიქსირდა სავარაუდო სუიციდის შემთხვევა.
„ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- განმარტავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, თ.კ. სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა. მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ალბათ დაადგენს იყო თუ არა ეს სუიციდი და რამ მიიყვანა პატიმარი თვითმკვლელობამდე.
საქართველოს ხელისუფლებამ, ამნისტიის შესახებ კანონით, ხარკი უკვე გადაუხადა პატიმრებს იმისთვის, რომ მათმა საქმემ ‘’ქართული ოცნება’’ ხელისუფლებაში მოიყვანა. ათასობით პატიმარი ამ კანონის საფუძველზე ციხეს მალე დატოვებს. თუმცა ის პატიმრები, რომლებიც საკნებიდან გაჰყვიროდნენ ‘’მევიდა ბიძინა და მევიდა ჩვენი დროო’’ საეჭვოა პირობების გაუმჯობესებით კმაყოფილნი იყვნენ, რადგან ‘’ოცნების’’ მოსვლამ ციხეში სიტუაცია ვერ შეცვალა. მეტიც, სასჯელაღსრულების მინისტრად სოზარ სუბარის დანიშვნის შემდეგ პატიმართა პროტესტმა იმატა.
რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, რომელიც ტუბერკულოზის მძიმე ფორმით არის დაავადებული, პროტესტის ნიშნად ყური მოიჭრა. პატიმარი აცხადებს, რომ გლდანის საპყრობილეში ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო პირობებში იმყოფება.
ერთი თვის წინ კი ქსნის კოლონიის 20-მდე პატიმარმა პირი ამოიკერა. ისინი, კოლონიაში, ბადრაგების მხრიდან პატიმრებზე ზეწოლის ფაქტს აპროტესტებდნენ.
მსჯავრდებულები აცხადებდნენ, რომ ქსნის კოლონიაში, ისევე, როგორც სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში, პატიმართა ცემა კვლავ გრძელდება. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ პატიმრები უფლებადამცველებმაც მიატოვეს და ახლა პოლიტიკური ბატალიებით არიან დაკავებულნი.
ციხეებში გახშირებულ თვითმკვლელობებზე და პროტესტის არაადამიანურ ფორმებზე ინფორმაცია არ აქვს უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, რომელიც ყველაზე ხშირად ახმოვანებდა ციხეში არსებულ არაადამიანური მოპყრობის თუ სხვა გადაცდომების ფაქტებს. კაკაბაძემ მსჯავრდებულთა #6 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტი ჩვენგან შეიტყო.
ნანა კაკაბაძე: უი, თქვენგან მესმის ეს ამბავი და როდის მოხდა?
პრესა.ჯი: ქალბატონო ნანა წესით ეს თქვენ უნდა იცოდეთ, თუ მარტო ამნისტიის კანონპროექტით ხართ დაკავებული?
- გიორგი ტუღუშის მინისტრობის პერიოდში პრინციპულად არ მივმართე სამინისტროს ციხეებში თავისუფლად შესვლის ნებართვისთვის. შესაბამისად იმ 52 ადამიანში ვერ მოვხვდი. მინისტრის შეცვლის შემდეგ კი მივმართე, მაგრამ ვერ ვეღირსე. გამოდის, რომ ამ ეტაპზე ამნისტიის კანონზე ვმუშაობ. თუმცა პატიმრების საკითხითაც ვინტერესდები.