რას ნიშნავს რუსული „კვამლის ფარდა“ ახალგორში
13:57:42     30-12-2010
ახალგორის მოსახლეობაში, გუშინ, საყოველთაო პანიკა გამოიწვია საოკუპაციო ჯარების შენაერთების მანევრებმა. მოვლენები ასე განვითარდა: რუსული სამხედრო კოლონა ოცამდე სამხედრო მანქანისა და ჯავშანტექნიკის თანხლებით, მოულოდნელად ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით დაიძრა. კოლონის საჰაერო მხარდაჭერას რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა. ახალგორის შესასვლელთან რუსმა სამხედროებმა ძველ ხერხს მიმართეს იმისთვის, რომ კოლონის გადაადგილება შეუმჩნეველი გამხდარიყო. კოლონის მარშრუტი თეთრი, სქელი კვამლით დაიფარა, ყოველივე ამას კი სროლის და აფეთქების ხმა ახლდა.
ხმაური დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, რაც სრულიად საკმარისი იყო მოსახლეობაში პანიკის დასათესად. რუსი ოკუპანტების ამ ხერხს სამხედრო ტერმინოლოგიით „კვამლის ფარდა“ ეწოდება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალგორში რუსული შენაერთების სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა, არ დადასტურდა. ცხინვალიდან ახალგორში გადასროლილი კოლონა ახალგორის ბაზაზე განლაგდა, ხოლო სროლა ყურადღების გადატანის მიზნით კარგა ხანს გრძელდებოდა – შენაერთის ცხინვალის ბაზაზე დაბრუნებამდე.
რა თქმა უნდა, სამხედრო საქმეში ტყუილუბრალოდ არაფერი ხდება და ოკუპანტთა შენაერთების ამ მანევრებსაც თავისი ახსნა აქვს. რუსი სამხედრო ჩინოვნიკების გადაწყვეტილებას ხმაურიანი სამხედრო მანევრების შესახებ ის მიზეზი ჰქონდა, რომ ახალგორის მოსახლეობაში პანიკა დაეთესა. პანიკა პანიკად, მაგრამ ამ მანევრებით რუსულმა და ოსურმა მხარემ ოფიციალურ თბილისს გააგებინა, რომ ყურადღება არ მოუდუნებია და მოვლენების ნებისმიერი გზით განვითარებისთვის მზად არის.
ბოლო დღეების განმავლობაში, ახალგორში თითქმის ყველგან ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში ახალგორს დავიბრუნებდით და იქედან რუს ოკუპანტებს გავყრიდით. ახალგორში მცხოვრები ქართველები არც იმას მალავენ, რომ ასეთ ხმებს ქართველი პოლიციელები ავრცელებდნენ.
„ქართველი პოლიციელები ხშირად გვიმეორებდნენ, რომ მხოლოდ იანვრამდე გვმართებს გაძლება და მოთმინება, მერე კი ახალგორში შემოდიან. რას ემყარებოდა ეს განცხადება და პროგნოზი, ვერ გეტყვით, არც ქართული შეიარაღებული ძალების შემოსვლა დამიფიქსირებია ახალგორის სიახლოვეს, სულ ორი პოსტია, რამდენიმე მილიციელით. ასე კინკილა შემადგენლობით შევლენ ახალგორში?“ - კითხულობს „პრესა.ჯი“–სთან საუბარში ახალგორის ერთ–ერთი მკვიდრი.
ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის შესახებ ხმების მიზანმიმართულად გავრცელება მაშინაც კი, როცა არანაირი სამხედრო აქტიურობა არ იგეგმება, ომის იდეოლოგიის ერთ–ერთი ნაწილია. ასეთი ინფორმაცია, მინიმუმ, შეშფოთების საფუძველი ხდება მოწინააღმდეგეთა რიგებში. შეუძლებელია, ქართული მხარის მიერ თითქოსდა დაგეგმილი სამხედრო მოქმედების შესახებ ცნობები რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების ყურამდე არ მისულიყო. მათაც ადეკვატური ზომები მიიღეს და როგორც ახალგორის მოსახლეობას, ასევე ქართულ მხარეს უჩვენეს, რომ გააქტიურების შემთხვევაში პასუხის გასაცემად მზად არიან.
ახალგორში დღეს, შედარებით სიმშვიდეა. რუსული სამხედრო შენაერთები ახალგორიდან ცხინვალის ბაზაზე დაბრუნდნენ. რაიონულ ცენტრში მხოლოდ რამდენიმე პოსტი და სამხედრო კოლონა დარჩა.