
ვანო მერაბიშვილმა ივანიშვილს ელექტროენერგიის აფერა გაუშიფრა
17:40:35     24-12-2012
“ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობის მოუტყუებაში ადანაშაულებს.
როგორც ყოფილმა პრემიერმა მოქმედი პრემიერის მიერ ტარიფებზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მთავრობა ტარიფების შემცირებას ენერგეტიკის მომავლის ხარჯზე გეგმავს.
მერაბიშვილის განცხადებით, სპეციალისტების გათვლებით, საქართველოში, მხოლოდ 5 000 ოჯახია პირველ კატეგორიაში, რომელიც თვეში 100 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას ხარჯავს. ასეთი ოჯახებისთვის ახალი მთავრობის ‘’წყალობით’’ მათ ექნებათ 3 ლარისა და 54 თეთრის ეკონომია.
ვანო მერაბიშვილი: ეს არის ქართველი ამომრჩევლის მოტყუება, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს აქ ქონდა ასეთი მოლოდინი მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, არჩევნებამდე ჩვენმა მთავრობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვიტარებისა და საყოველთაო დაზღვევის პროექტებთან ერთად ითვალისწინებდა თიუთოეული ოჯახისათვის 1000 ლარიანი ვაუჩერის გადაცემას. დეკემბერში ეს ვაუჩერი ყველა ოჯახს ექნებოდა. თუ ამ ვაუჩერს თითო თვეზე გადავთვლიდით თითო ოჯახი 23 ლარიან შეღავათს მიიღებდა. მინდა შეადაროს ყველამ 23 ლარი და 3.54 თეთრი“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით შემცირებული თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.
„არც ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამ თანხის საკუთარი ჯიბიდან გადახდას. ეს მოჩვენებითი ეკონომია ხორციელდება საქართველოს მომავალი ენერგეტიკის ხარჯზე“,- განმარტა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
როგორც პრესკონფერენციაზე გაირკვა, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, იანვრის ბოლოს ჩატარდეს კონფერენცია, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის მომავალს მიეძღვნება.
„მოვიწვევთ საქართველოში მყოფ ენერგეტიკის ყველა სპეციალისტს. მოვუწოდებთ მთავრობის წევრებსაც დაესწრონ ამ კონფერენციას და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ ენერგეტიკის მომავალზე. საქართველოს ენერგეტიკა და ჩვენი ეკონომიკის ბედი არ არის მხოლოდ ერთი და ორი პარტიის გადასაწყვეტი, ეს სრულიად საქართველოს გადასაწყვეტია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ენერგეტიკას მომავალი ჰქონდეს და რეალური სარგებელი მიიღოს მოსახლეობამ“,- დასძინა ყოფილმა პრემიერმა.