დავით დარჩიაშვილი: ივანიშვილი ტყუის

  15:48:36     24-12-2012

რა თქვა ახალი და მოსახლეობისთვის საინტერესო  პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე? ეს კითხვა საზოგადოების დიდ ნაწილს ტრანსლირების მიმდინარეობისთანავე გაუჩნდა. თუმცა, სანამ სიახლეებზე და შეფასებებზე გადავიდიოდეთ, აღვნიშნავთ, რომ თვალშისაცემი იყო ივანიშვილის ზურგსუკან აფრიალებული სახელმწიფო დროშა - სხვათაშორის პირველად.

როგორც ჩანს ივანიშვილი, რომელიც ჟურნალისტების დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ორიოდე კვირის წინ ჩატარებულმა პრესკონფერენციამ წაახალისა და დღეს, თითქმის ყველა მედიასაშუალება სასტუმროში იხმო. ფორმატიც ერთი-ერთში ემთხვეოდა დიდ რუსეთში ჩატარებულ აუდიენციას.

აღსანიშნავია, რომ  პრემიერის გამოსვლა უფრო ოპოზიციის ლიდერის გამოსვლას გავდა, რომელიც ყველაფერის უკან მოქმედ ხელისუფლებას ხედავს.

ორსაათნახევრიან გამოსვლაში მთავრობის ხელმძღვანერლს ერთი სიტყვა არ უთქვამს ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების თემაზე, თუმცა ბევრი ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასა და მოწესრიგებაზე.

პუტინთან შეხვედრის მზაობაც და სურვილიც დიდი გამაჩნია, - აცხადებს პრემიერი ივანიშვილი, რომელმაც აშშ-ში ვიზიტი რამდენჯერმე გადადო.

ამასთან, პრემიერი მიიჩნევს, რომ პუტინს საქართველოსთან მიმართებაში არ გადაუჭარბებია.

საგარეო კურსი იქით იყოს... დავუბრუნდეთ იმ სოციალურ პრობლემებს, რომლის მოგვარების ნიშანწყალი ორთვიანი მმართველობის შემდეგ ქაღალდზეც კი არ ასახულა. წინასაარჩევნოდ პოპულარული ტარიფები დღეს პრემიერს თითქმის არ ახსოვს. გაირკვა, რომ თურმე გაზის ტარიფის შემცირება მხოლოდ სიმბოლურადაა შესაძლებელი.

რაც შეეხება დენს, აქ ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, პრემიერი გვარწმუნებს, რომ 100 კილოვატზე ტარიფი 27%-ზე მეტით შემცირდება, ხოლო 300 კილოვატზე - 21,5 %-ით.

პრესკონფერენციაზე პრემიერმა ყურადღება ტელეკომპანიების მონოპოლიზებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მედიის საქმიანობაში ჩარევას არ აპირებს.  ეს მაშინ, როცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის დაკავება საზოგადოების დიდმა ნაწილმა ივანიშვილის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეაფასა.

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა რა მესიჯები მიიღო საპარლამენტო უმცირესობამ პრემიერ ივანიშვილის გამოსვლისგან. ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრ დავით დარჩიაშვილს ვესაუბრეთ.

დავით დარჩიაშვილი: ‘’პრემიერი ივანიშვილი დღეს შედარებით ფრთხილი და მეტ-ნაკლებად თავშეკავებულიც მომეჩვენა, მაგრამ ის კეთილი სუვილები რაც გამოითქვა საქმით უნდა მტკიცდებოდეს, რასაც ვერ ვხედავთ ახლო პერსპექტივაშიც კი.

პრესა.ჯი: პრემიერი პრეზიდენტის ვეტოს გადალახვით იმუქრება...

- რაც შეეხება ვეტოს დადებას, მე ვფიქრობ, რომ მან იგულისხმა ამ ვეტოს გადალახვის უმრავლესობის არსებობა, რომლისთვისაც პარლამენტართა 3.5 არის საჭირო.

- როგორ უპასუხებდით, იმ ბრალდებებს, რომელიც თქვენ მიმართ პრემიერმა დღესაც გამოთქვა, ივანიშვილმა კორუფციასა და სამართლიანობაზე ისაუბრა....

- ის, რომ თურმე საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს სრულიად უსაფუძვლო განცხადებაა. ინსტიტუციურად სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ამ ცვლილებებით სწორედ რომ ახალ ხელისუფლებას ექვემდებარება სასამართლოს მნიშვნელოვანი სტრუქტურა - იუსტიციის საბჭო.

რაც შეეხება „ქართუ ბანკის“ საქმეზე გაკეთებულ განცხადებას, ესეც მხოლოდ მედიისთვის გაკეთებული განცხადებათაგანი იყო. პრემიერი იტყუება, როცა ამბობს, რომ თურმე მან საერთოდ არ იცის საქმის დეტალები. ამ ტყუილს იმ დონის მოლკე ფეხები აქვს, რომ თვითონვე უარყო მისივე განცხადება და ისეთ დეტალებზე ისაუბრა, რომელსაც საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ვერ იტყოდა.’’

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა, რომ შედარებით მშვიდი იყო, ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც ადასტურებს.

ნიკა ჩიტაძე: ‘’სხვათაშორის რაც მენიშნა, ეს ივანიშვილის სიდინჯე და სიმშვიდე იყო. რაც შეეხება საუბრის თემას აქ აქცენტი იყო სამომავლო გეგმებზე გაკეთებული. გამოსვლის დიდი ნაწილი კი პრემიერმა ოპონენტების ლანძღვას დაუთმო. ჩემი აზრით ეს დრო მას მოსახლეობის მძიმე სოციალური ფონიდან გამოსვლისთვის უნდა დაეთმო.’’

პრემიერის გამოსვლას დიდი განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

ეკა ხერხეულიძე: ‘’ბატონო ბიძინა, არჩილ ხაბაძე რომ კარგად მუშაობს, ისე იმუშავა თქვენმა ყველა ძვირადღირებულმა საათმა...’’

გოგა ხაჩიძე: ‘’ბიძინა ივანიშვილი: "არ მგო­ნია, რომ მან (პუ­ტინ­მა) გადააჭარბა სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა­ში“

და ბატონო ბიძინა, ჩვენი გენშტაბის უფროსი, გიგი კალანდაძე, იმიტომ დააკავეთ რომ უფლებამოსილებას გადააჭარბა ხომ?...’’

ზურაბ ჯაფარიძე: ’’პრემიერ მინისტრმა აღიარა, რომ ელოდება ნაციონალური მოძრაობის გაქრობას, შემდეგ დაშლის კოალიციას და ითამაშებს დემოკრატიას.’’

მოქალაქე: ‘’კი მაგრამ ბატონო ბიძინა იმიტომ არ აგირჩიათ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომ წინა ხელისუფლების დანგრეულისთვის მიგეხედათ?’’