
მაია ფანჯიკიძე ევროპელი ლიდერების წინააღმდეგ
13:27:21     22-12-2012
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს საგარეო ორიენტირები აშკარად არეული აქვს. პრემიერის განცხადების შემდგომ, რომ ყარსი-ახალაქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხი გადასახედია, მალევე მაია ფანჯიკიძის უცხოურ საინფორმაციო პორტალთან გაკეთებული ევროპელი ლიდერების საწინააღმდეგო განცხადებები მოჰყვა.
როგორც ამბობენ, ახლადგამომცხვარ საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრიად ჰყვარებია უცხოური ვიზიტებისას შოპინგები და თავშესაქცევ გარემოცვაში ყოფნა. უცხოური ვიზიტებისას მას ხშირად აფიქსირებენ პირად გარემოცვასთან ერთად. ყველა ამ სიკეთესთან ერთად ივანიშვილის მთავრობის პირველი პირების განცხადებები ერთი ერთზე წააგავს რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებებს და მათ დაკვეთებს ჰგავს.
სხვას ვერაფერს მიაწერ მიდგომას, რომ ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრობისას ევროპელი ლიდერებისა და პოლიტიკოსების კრიტიკასა და „ქართული ოცნების“ დაცვას უფრო ანდომებს, ვიდრე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გატანას საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთი „მარგალიტი“, მისი ბოლოდროინდელი განცხადებებია ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის მისამართით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საინფორმაციო პორტალ euractiv.com-თან საუბრისას „ევროპის სახალხო პარტია“ და მისი ლიდერი ვიფლრიდ მარტენსი გააკრიტიკა. მისი თქმით, მარტენსი ხშირად უყენებს „ქართულ ოცნებას“ უსაფუძვლო ბრალდებებს, როგორიცაა, მაგალითად, ქუთაისში ხალხის მოსყიდვის მცდელობა. ფანჯიკიძის თქმით, მარტენსს ეს ინფორმაცია არც კი გადაუმოწმებია და ისე მოიყვანა ფაქტად. ამასთან ერთად, მინისტრმა აღნიშნა, რომ მარტენსი უარს აცხადებს „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრაზე. ფანჯიკიძემ იქვე სააკაშვილიც გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთან ახალი მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობს.
euractiv.com აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ექვსიდან, ორი პარტია „რესპუბლიკური პარტია“ და „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ არიან „ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრები, რომელიც თავის მხრივ ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ოპონენტია. ამის შემდგომ, ევროპარლამენტში ჩვენთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას ევროპარლამენტარების მხარდაჭერის რა იმედი უნდა გვქონდეს?!
როგორც ჩანს, ფანჯიკიძეს პოლიტიკური შეფის დავალება აქვს შესასრულებელი და ივანიშვილს ჯერაც ვერ მოუნელებია, რომ ვილფრიდ მარტინსმა ივანიშვილს ნეოოლიგარქი შეარქვა და რუსეთთან შეთქმულებაში დასდო ბრალი.