
პუტინმა ივანიშვილის მთავრობის ინიციატივებს ცივი წყალი გადაასხა
15:40:16     21-12-2012
ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ახალი ხელისუფლების ინიციატივას რუსეთთან დაახლოების შესახებ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში სერიოზული პერსპექტივა ხელაღებით მოუსპო.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები იმის დასტური იყო, კრემლის ამჟამინდელ რეჟიმთან დიალოგი აზრს მოკლებულია და რაიმე შედეგის მიღწევა საქართველოს მხოლოდ დათმობების ხარჯზე მოუწევს, თანაც ისეთი დათმობების ხარჯზე, რომელსაც დიდი ფასი ექნება. ეს პუტინმა უკვე თქვა, როცა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაზე. მანვე არ გამორიცხა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის აზრს ვერ ხედავს, რადგან ის პოზიტივით ვერ დამთავრდება. და იქვე პრაქტიკულად, მიზეზიც დაასახელა: „რუსეთის არ შეუძლია შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება, საქართველოს კი არ შეუძლია მათ აღიარებას დათანხმდეს“ - განაცხადა მან.
პუტინმა საქართველოს ეკონომიკურ იმედებსაც ცივი წყალი გადაასხა. მისი თქმით, ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი მხოლოდ იმიტომ გაიხსნება, რომ ამის ვალდებულება რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მიმართებაში აქვს და არა იმიტომ, რომ ძალიან სურს ქართული პროდუქციის დაბრუნება. თანაც დასძინა: „ეს ჩვენთვის უმნიშვნელოა, საქართველოს ეკონომიკისთვის კი შეიძლება მნიშვნელოვანია“.
თუმცა მთლიანობაში პუტინი, როგორც თავად აღნიშნა, კმაყოფილია საქართველოს ახალი ხელისუფლების „პოზიტიური ნაბიჯებით“.
ეს პოზიტიური ნაბიჯები კი გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა. მიხეილ სააკაშვილის თქმით პუტინი იმით არის კმაყოფილი, რომ საქართველოს ციხეებიდან რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ადამიანებს უშვებენ.
„პუტინი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ ნაბიჯებს. რა პოზიტიურ ნაბიჯებზეა ლაპარაკი? ყველა რუსეთის მოქალაქე გაუშვეს ციხიდან. ყველა რუსეთის ჯაშუშს უშვებენ. ვახტანგ მაისაია რუსებს ჩვენი ტანკების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ გადასცემდა და დღეს პოლიტპატიმრად აცხადებენ. რომელი პოლიტიკური განცხადება გსმენიათ მისგან? გევორქიანმა და ძმანმა მისმა „ენვერიდან“ მისცეს კოორდინატები, ფოთი დაბომბეს და 14 ჩვენი მუშა მოგვიკლეს პორტში. რომელი პოლიტიკოსია ვახტანგ მაისაია, რა პოლიტიკური განცხადება ახსოვს ვინმეს? ამ ხალხს უშვებთ ციხიდან და რა თქმა უნდა, რუსეთი კმაყოფილი იქნება. ამათ უშვებ და იჭერ ალეკო ხეთაგურს, რომელიც არის ინტელექტის განსახიერება, კახა დამენიას და გვარამიას. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მართლა ჰგავს აბსურდის თეატრს. მრუდე სარკეების ქვეყანაში უნდათ გადაგვიყვანონ. მრუდე სარკეებში და მრუდე სარკეების მიღმა მოგზაურობა დასრულდება ძალიან მალე და ჩვენ დავუბრუნდებით რეალობას“ - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.