
შსს-მ ქუთაისის ინციდენტში შესაძლოა უმცირესობის წევრები დაადანაშაულოს (ვიდეო)
14:55:16     21-12-2012
საპარლამენტო უმცირესობა 19 დეკემბერს, ქუთაისში, პარტიის წევრებზე განხორციელებულ ძალადობასა და პრეზიდენტის ესკორტზე თავდასხმის საქმის ობიექტურ გამოძიებას ელოდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ორაზროვანი განცხადება კი აშკარად მიუთითებს, რომ საზოგადოებას გამოძიებისგან კომედია ელის.
დავით უსუფაშვილის თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკითხეს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალ კვირას სასამართლომ მათთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სახდელების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს.
როცა მოქალაქეებს მაღალი ემოციური განწყობა აქვთ და წინა ხელისუფლების მიმართ, არც თუ უსაფუძვლო გაღიზიანება, ამ დროს დეპუტატის მხრიდან გინება დაუშვებელია და ეს შეურაცხყოფს პარლამენტსაც და სახელმწიფოსაც.
„პრესა.ჯი“-მ უსუფაშვილის განცხადების კომენტირება საპარლამენტო უმცირესობის წევრ დავით დარჩიაშვილს სთხოვა.
„პრესა.ჯი“: უსუფაშვილი აცხადებს, რომ უმცირესობის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი...
დავით დარჩიაშვილი: ბატონ დავითს კარგად მოეხსენება, რომ აგრესიული მოქალაქეები პარტიის ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. გამოვედით გარეთ, რასაც მათი მხრიდან გინება და ქვების სროლა მოჰყვა. პატრული ამ დროს უმოქმედო იყო. თუ საკუთარი პარტიის ოფისის ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პროვოკაცია იყო, ნამდვილად არ ვიცოდი.
- დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ შეიძლება ადმინისტრციული სახდელებით შემოიფარგლონ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმა საკმაოდ მძიმე დანაშაულია...
„პრესა.ჯი“ შეეცადა დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, უმრავლესობის პოზიცია გაერკვია და დაეზუსტებინა აღნიშნულ ინციდენტში ბრალდებულებად თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხომ არ მოგვევლინებიან, თუმცა, დეპუტატებმა ჩვენ კითხვებს მოუცლელობის მიზეზით ვერ უპასუხეს.