ბიძინა ივანიშვილი: უკეთესი იქნებოდა ნიკა გვარამია საერთოდ არ აეყვანათ

  11:07:59     21-12-2012

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოპერატიულად გამოეხმაურა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან აღიარა, რომ ახალ ხელისუფლებას პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება სურდა, თუმცა უცხოელი თანამეგობრობისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების ახსნა გაუჭირდებოდათ.

ამერიკელების და ევროპელების განცხადებებიდან მივხვდი, რომ თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას დავიწყებდით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდებოდა. ამერიკელებმა და ევროპელებმა დამარწმუნეს, რომ არ ღირს ამ საკითხის წამოწევა და მათი განცხადებებიდანაც მივხვდი, რომ თუკი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას დავიწყებდით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდებოდა და გადავწყვიტეთ, რომ ამას არ ვეხებით. ვფიქრობ, არც მის უფლებებს შევეხებით", - განუცხადა „რეზონანსს“ ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ქვეყნის პრემიერი ინტერვიუში აცხადებს ის მზად არის, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის საშუალება მისცეს და მიხეილ სააკაშვილს ახალ საპარლამენტო არჩევნებში "ხვალვე" გაჰყვეს.

ივანიშვილი: "თუკი ხვალ პრეზიდენტი გამოვა და იტყვის, რომ მას დღეს არა აქვს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა და ეს მიეცემა აპრილში, მე, როგორც უმრავლესობის ლიდერი,  საჯაროდ ვაცხადებ, რომ ხვალვე გავყვებით, პარლამენტში უმრავლესობა არ შევა და ჩავატარებთ ახალ არჩევნებს. როდესაც უნდა, მაშინ თქვას და ამით ნუ გვაშინებენ. ჩვენ არჩევნების არ გვეშინია, რადგან ხალხს ვესაუბრებით და ვიცით ხალხის განწყობა. ნუ ჰგონიათ, რომ მხარდაჭერას ვკარგავთ, პირიქით, უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს და უფრო მეტ ხმას მოვიპოვებთ იმიტომ, რომ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს და ყველაფერს მოვაგვარებთ", - განმარტავს პრემიერი.

კითხვაზე გამოიწვევს თუ არა პრეზიდენტი სამთავრობო კრიზისს, კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვერავითარ სამთავრობო კრიზისს ვერ შექმნის.

"პრეზიდენტს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი წარუდგინოს. მაგრამ ძველი ასრულებს მოვალეობას იქამდე, ვიდრე პარლამენტი ახალს დაამტკიცებს. მეორეც, პრეზიდენტი ვერ გამოიწვევს კრიზისს ვერც აპრილში, როგორც ისინი აპელირებენ, რამდენადაც მას შეუძლია, სამჯერ წარუდგინოს მთავრობა და დათხოვნის უფლება აქვს აპრილში, სამი კვირის განმავლობაში", - ამბობს პრემიერ-მინისტრი.

გამოცემასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში მომხდარ ინცინდენტსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  „ის, რაც ქუთაისში მოხდა, ვაფიქსირებ, არ უნდა მომხდარიყო.

პრემიერი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ესკორტზე თავდასხმა და უმცირესობის წევრებზე განხორციელებული ძალადობა მიზანმიმართულად არ მომხდარა.

"ის, რაც ქუთაისში მოხდა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან კავშირში არ იყო, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ არ უნდა მომხდარიყო. ძალადობა იყო გამოყენებული ხალხის მხრიდან და ეს არ არის კარგი. გარწმუნებთ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდებოდა. გუშინდელ განცხადებაშიც გავაკეთე მინიშნება, რომ ეს ძველი სისტემის ამონაფრქვევს ჰგავს. ასეთი რამის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ცოტა დრო გვჭირდება", - აღნიშნავს ივანიშვილი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას.

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის დაკავების ფაქტს, ივანიშვილი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა, ნიკა გვარამია საერთოდ არ აეყვანათ. ივანიშვილი თვლის, რომ კარგი იქნება, თუ სასამართლო გვარამიას გირაოთი გაათავისუფლებს.

"იმ აჟიოტაჟის პირობებში, რის გამოწვევასაც ესენი მაინც ახერხებენ, უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ აეყვანათ და კარგი იქნება, რომ სასამართლომ გაათავისუფლოს. ამის ფორმები ხომ არსებობს? მაგრამ კბილაშვილმაც და წულუკიანმაც კარგად იციან, რომ პრინციპულად ვიცავ სუბორდინაციას და არ ჩავერევი", - აცხადებს ივანიშვილი და აქვე დასძენს, რომ „ძალიან სასაცილოა“ უმცირესობის შეფასება, რომ გვარამიას აყვანა "რუსთავი 2"-ში მის საქმიანობას და თავისუფალ ტელეკომპანიაზე ზეწოლას უკავშირდება.

პრემიერი ივანიშვილი: "როგორი თავისუფალი ტელევიზიაა "რუსთავი 2" და ამასთან დაკავშირებით რამდენი კითხვაა, ხომ კარგად ვიცით. ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ ეს სააკაშვილის ტელევიზიაა და, თუ სააკაშვილი თავის თავს აღიქვამს თავისუფლებად, რომ ის არის თავისუფლების სიმბოლო და ამიტომ "რუსთავი 2"-ს თავისუფალი უნდა ვუწოდოთ, მაშინ შეიძლება.

ამასთან ივანიშვილი, რომელიც აშკარად დააფრთხო მისი ხელისუფლების ქმედებებზე მომხდარმა რეაგირებამ, საზოგადოებას ამშვიდებს, რომ თურმე პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის "პატიების" პროექტზე მუშაობს.

მისივე განცხადებით, უმრავლესობა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის "პატიების" მიზნით "ამნისტიის მსგავს" პროექტზე მუშაობს. თუმცა ის დანაშაულის "წინასწარ პატიებას" მინისტრებისა და პარლამენტარების დონეზე არ ითვალისწინებს.

"გამოსავალი აქ არის და სხვა გზას ვერ ვხედავ. ჩვენი მხრიდან უსუფაშვილი მუშაობს, რაღაც ამნისტიის მსგავსი ახლავე შევქმნათ, რომ საჯარო მოხელეებისთვის (არა მინისტრის და არა პარლამენტარის დონეზე), რომლებმაც გადააჭარბეს უფლებამოსილებას, მოიძებნოს კანონიერი გზა, რომ წინასწარ ვაპატიოთ, ეს ვითარება ჩაცხრეს და მათაც დაკარგონ შიში და ნორმალურად იმუშაონ", - აღნიშნავს ივანიშვილი, ეს მაშინ, როცა მისი პროკურორი აცხადებს, რომ ამავე საქმეებს, რომელზეც ივანიშვილი საუბრობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს მას შემდეგ, რაც კანონში პარლამენტი ცვლილებას შეიტანს.