
ზუგდიდში მოძრაობა პარალიზებულია, აქციის მონაწილეები შესაძლოა შუშის სასახლისკენ დაიძრნენ
11:05:11     19-12-2012
ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა გარევაჭრობის აღდგენის მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეები პოლიციამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ დაუშვა.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან პოლიციაა მობილიზებული. თავის მხრივ მოვაჭრეები პოლიციის მიერ უხეშობის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით სამართალდამცავებმა ქუჩაში გატანილი პროდუქცია ძირს დაუყარეს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ ლუიზა გამისონიამ განუცხადა, თუ ახალი ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს მოვაჭრეები ზუგდიდიდან ბიძინა ივანიშვილის სასახელემდე ფეხით წამოსვლას გეგმავენ.
„ჩვენთვის ბაზარის შიგნით ალტერნატიული ფართები არ არსებობს. იქ მომუშავე ადამიანები კი ჩვენ პროდუქტს არ გაგვყაყიდინებენ. ვერიდებით მათთან კონფლიქტს და ამიტომ არ შევდივართ შიგნით. ვთხოვთ ახალ მთავრობას, რომ წინასაახალწლო დღეებში მაინც მოგვცენ გარევაჭრობის უფლება“,- აცხადებს გარემოვაჭრე.
გარემოვაჭრეები ირწმუნებიან, რომ მათ ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თენგიზ შანავა და პოლიციის უფროსი, ზვიად ხარებავა შეჰპირდნენ, რომ პოლიცია მათ 1-ელ იანვრამდე დაკავებული ტერიტორიიდან არ გაყრიდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.