ვანო მერაბიშვილის ბიძა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

  11:35:38     18-12-2012

შპს "ტაოს" ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მორიგი სასამართლო პროცესი, რომელზეც საქმის არსებითი განხილვა მოხდება,  2013 წლის 11 თებერვალს ჩაინიშნა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბიძა - ლევან თუმანიშვილი 14 დეკემბერს დააკავეს. მისი დაკავება საგამოძიებო სამსახურში ტყის სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევის, ხე-ბუჩქების უკანონოდ გაჩეხვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა. 

ლევან თუმანიშვილი ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა აღენიშნებოდა.

თუმცა, აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად თუმანიშვილი მეორე დღესვე, პირდაპირ კლინიკიდან დააბრუნეს ახალციხეში.