ტურისტებმა კანიბალიზმი აღიარეს

  23:15:56     17-12-2012

ორმა მამაკაცმა უკვე აღიარა, რომ მეგობარი შეჭამეს. თუმცა ამისთვის არგუმენტი აქვთ – ტაიგაში დაკარგულებს გადარჩენის ერთადერთი შანსი ჰქონდათ – გაყინული და თავისივე სიკვდილით დაღუპული მეგობარი შეეჭამათ.

საზარელი შემთხვევა იაკუტიის ტაიგაში მოხდა, სადაც დაკარგული 4 მეგობრის ძებნა 4 თვის წინ დაიწყეს, თუმცა მხოლოდ ახლახანს მიაგნეს, ისიც ორ მათგანს. მესამის მხოლოდ ცხედარი იპოვეს – ნაჯახით დაჩეხილი და დანაკუწებული, მეოთხე მეგობარი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ორმა მამაკაცმა, რომელიც 4 თვის განმავლობაში, როგორც თავად ამბობენ, დაკარგულები იყვნენ და სიცივესა და შიმშილს სასწაულით გადაურჩნენ, რამდენჯერმე შეცვალეს ჩვენება. საბოლოოდ კი კანიბალიზმის ფაქტი აღიარეს და განაცხადეს, რომ ყინვისგან დაღუპული საკუთარი მეგობარი შეჭამეს. რომ არა ადამიანის ხორცი, როგორც თავად ამბობენ, ცოცხლები ვერ გადარჩებოდნენ. მართალია, გამოძიება ახლა მათ მოწმეების სტატუსით კითხავს, მაგრამ სამართალდამცველებს ეჭვი აქვთ შესაძლოა, კანიბალიზმი სულაც არ იყო ე.წ. გამოუვალი აუცილებლობა.

ამასთან გადარჩენილები კიდევ ერთ ტყუილში გამოიჭირეს. ისინი თავს ტურისტებს უწოდებდნენ და ამობდნენ, რომ სათევზაოდ გადაწყვიტეს წასვლა, თუმცა ირკვევა, რომ რეალურად, იაკუტიის ტაიგაში ოქროს მოსაპოვებლად მიეშურებოდნენ. ეჭვი ექიმებსაც აქვთ, რომლებმაც მამაკაცებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და ვერც მოყინვის და საერთოდაც, ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა ვერ აღმოუჩინეს.

სამართალდამცველები მუშაობენ ვერსიაზე, რომ რეალურად ტაიგაში დაკარგვის ისტორია იმიტირებული იყო და გადარჩენილი ორი მამაკაცი, რეალურად, კანიბალები იყვნენ, რომლებსაც მეგობრის მკვლელობა და შეჭმა თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ჯგუფის მეოთხე წევრიც, შესაძლოა, სულაც არ დაკარგულა და ისიც მოკლეს და შეჭამეს, თუმცა ცხედრის ნარჩენების დამალვა ან განადგურება უფრო უკეთ მოახერხეს.