
თბილისი მოსკოვს, მოსკოვი კი სოხუმსა და ცხინვალს უახლოვდება
19:58:50     17-12-2012
ვიდრე ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის დავალებით რუსეთთან პირდაპირ დიალოგს მართავს ჩრდილოელ მეზობელთან დაახლოების მიზნით, პარალელურ რეჟიმში მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე ზრუნავს.
ძნელი სათქმელია, საბოლოოდ რა მიზანს ემსახურება რუსეთთან წამოწყებული „უშუალო საუბრები“, თუმცა მოსკოვი შეხვედრის ჩატარებამდეც და მას შემდეგაც საკუთარ პრინციპებს შეგვახსენებს, კერძოდ იმას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნებია, შესაბამისად, სრულფასოვან მხარეს წარმოადგენენ და მათ გარეშე საქართველო ვერასოდეს ილაპარაკებს რუსეთთან.
„ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის საკითხებს, თავად აფხაზებისა და ოსების მონაწილეობის გარეშე შევეხოთ. ეს რუსეთის პრინციპული პოზიციაა და მას ჩვენ არ გადავთქვამთ“ - განაცხადა კარასინმა.
თუკი რაღაც ეტაპზე მაინც არ არის დაგეგმილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე მოსკოვთან უშუალო დიალოგი, გარკვეულწილად ბუნდოვანია საქართველოს ახალი ხელისუფლების სურვილი დაუახლოვდეს ქვეყანას, რომელიც არ მალავს, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის კურსს და ომიც, თავის დროზე სწორედ საქართველოს ნატოში გაწევრიანების თავიდან ასარიდებლად დაიწყო.
თანაც, ჟენევაში აბაშიძესა და კარასინს შორის გამართული დიალოგის პარალელურად რუსეთი სულაც არ იკავებს თავს მარიონეტულ რეჟიმებთან კონტაქტში და აქტიურად აფორმებს მათთან სხვადასხვა სახის შეთანხმებებს. შეთანხმებათა მორიგი ასეთი პაკეტი მოსკოვში ამ დღეებშიც მომზადდა, რისთვისაც რუსეთში ცხინვალის ე.წ. იუსტიციის მინისტრი ჩავიდა. შეთანხმებები პატიმრების გაცვლას და უერთიერთ სამართლებრივ დახმარებას ითვალისწინებს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საკადასტრო სისტემას ცხინვალი მოსკოვის ზედამხედველობის ქვეშ შექმნის.
რამდენიმე დღის წინ კი რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რუსეთმა ჯილდო გადასცა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერს ალექსანდრე სტრანიჩკინს.
მოსკოვს არ შეუცვლია და არც შეურბილებია რიტორიკა იმის შესახებ, რომ „2008 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალიები წარმოიშვა“, რომლის გათვალისწინებასაც მოსკოვი დღესაც ითხოვს.
საქართველოს ახალი ხელისუფლება კი სავარაუდოდ უვე მზად არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის რევიზიისათვის. აბაშიძის თქმით „თუ დავინახავთ პოზიტივს და აღმოვაჩენთ, რომ ეს რეალურ პროგრესს ხელს უშლის, ალბათ, პარლამენტარები იფიქრებენ იმაზე, რომ მოდიფიკაცია შეიტანონ ამ კანონში, კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში ნამყოფი პირების დაკავებას ეხება - იმ შემთხვევაში, თუ ისინი თბილისში ჩამოვლენ. ბოლო პერიოდში როგორც ვიცი, არავინ დაუკავებიათ და მხოლოდ გარკვეული სანქციები ვრცელდება. ცვლილება შეიძლება ამ საკითხს შეეხოს.“ - განაცხადა აბაშიძემ.
ჯერჯერობით ასეთი „პოზიტივი“ მოსკოვისგან არ ჩანს და მისი დანახვა პერსპექტივაშიც შეიძლება საკმაოდ გართულდეს. როგორც ჟენევაში და მას შემდეგაც რუსი ექსპერტების გამოთქმული შეფასებებიდან გამომდინარეობს, რუსეთისთვის საქართველოსთან ეკონომიკური დაახლოება არცთუ პირველხარისხოვანი საკითხია, ხოლო ის, რაც საქართველოს საბოლოოო მიზანი უნდა იყოს, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, მოსკოვისთვის ის წითელი ხაზია, რომლის გადალახვის უფლებას თბილისს არასოდეს მისცემს.