
ზურაბ აბაშიძე ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვაზე ალაპარაკდა
18:07:44     17-12-2012
ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პირველი შედგები ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის პირადმა წარმომადგენელმა შეაჯამა. ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ პირველმა შეხვედრამ დამაკმაყოფილებლად ჩაიარა.
აბაშიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ითხოვა, ისეთი კითხვები არ დაესვათ, რომელიც რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპს ხელს შეუშლიდა. თუმცა კითხვა რუსული ოკუპაციის შესახებ მაინც დაისვა. მთავარი საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობებისა და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხები იყო, მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დღის წესრიგში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და სხვა მწვავე საკითხები, განაცხადა ივანიშვილის სპეცწარმომადგენელმა, თუმცა ამავე ბრიფინგზე აბაშიძემ ისიც განაცხადა, რომ შესაძლოა ოკუპაციის შესახებ კანონი გადაიხედოს.
რუსულ-ქართული მოლაპარაკებების საკითხზე ზურაბ აბაშიძის დღევანდელ ბრიფინგს უკვე მოჰყვა შეფასებები.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების დაწყება, თუნდაც ეს ტექნიკურ ხასიათს ატარებდეს, რუსეთის მხრიდან გარკვეულ დათმობაზე წასვლას ნიშნავს. თუმცა, ურთიერთობების გაუმჯობესება ქვეყნის ინტერესებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
ნაწილი კი აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრები ხანგრძლივად ვერ გაგრძელდება, რადგან სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურული საკითხების შემდეგ, დღის წესრიგში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანის საკითხი აუცილებლად დადგება, რაც ამ შეხვედრების ფორმატში ვერ გადაწყდება.
საპარლამენტო უმცირესობა ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვის კატეგორიული წინააღმდეგია, უმრავლესობა კი თვლის, რომ რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს.
'პრესა.ჯი'-მ აბაშიძის მიერ გაცხადებული ინიციატივის - ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვის კომენტირებისთვის უშიშროების საბჭოს მიმართა, თუმცა პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ეს საკითხი კომენტირებას არ საჭიროებს.