მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა (ვიდეო)

  11:21:48     17-12-2012

საქართველოს პრეზიდენტსა და სტრასბურგის მერს, რონალს რიესს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და საერთო ევროპული ფასეულობები იყო. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სტრასბურგში წინასაახალწლოდ მიმდინარე საქართველოს დღეების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ფრანგი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და, შესაბამისად, საკმაოდ დიდია ინტერესი ყველა იმ კულტურული ღონისძიებების მიმართ, რომლებსაც ამ დღეებში სტრასბურგი მასპინძლობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის მერთან სტრასბურგის საახალწლო ბაზრობასაც ეწვია, სადაც წელს ქართული პროდუქციაა გამოფენილი. საქართველოს კვირეულის გამართვა, შარშან მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში ვიზიტისას დაიგეგმა, რომელიც საახალწლო ბაზრობის გარდა, სხვა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს.

საახალწლო ბაზრობის დათვალიერების შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა საქართველოს კულტურის დღეების მნიშვნელობაზე სტრასბურგში და იმ ისტორიულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიულად გამართული არჩევნების შედეგად, მომავალ წელს ევროინტეგრაციის მხრივ ეძლევა.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.