![ელისო კეთილაძე: მაღალჩინოსანი ეჭვმიტანილს დანაშაულის აღიარებას იარაღის მუქარით აიძულებდა ელისო კეთილაძე: მაღალჩინოსანი ეჭვმიტანილს დანაშაულის აღიარებას იარაღის მუქარით აიძულებდა](http://presa.ge/img/multimedia/a22508.jpg)
ელისო კეთილაძე: მაღალჩინოსანი ეჭვმიტანილს დანაშაულის აღიარებას იარაღის მუქარით აიძულებდა
17:34:39     15-12-2012
'ვანის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის ახლადდანიშნულმა მოადგილემ ქურდობაში ეჭვმიტანილი პირი წაიყვანა ტყეში და იარაღის მუქარით აიძულებდა (არჩადენილი) დანაშაულის აღიარებას, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ამ ,,დაკითხვის“ ჩატარებისას ეჭვმიტანილი დაჭრა ფეხში. ფაქტი არ გახმაურებულა. მე პირადად ინფორმაცია მაქვს სანდო წყაროსგან და მისი უსაფრთხოების გამო არ ვახმაურებ სახელსა და გვარს. ჩემს მეგობრებში არის ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ვთხოვ მათ დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და გააშუქონ’’ - აღნიშნული სტატუსი ელისო კეთილაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
'პრესა.ჯი’’ აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესდა, ქალბატონი ელისო, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის მიერ დაჭრილი ,,ეჭვმიტანილი" გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.
'ახლა ის შეიძლება სახლშიც იყოს გაწერილი, დაზარალებული დაჭრილი იყო ფეხის ორ თითში. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ზუსტად ვიცი. ამ ფაქტის ჩემს კედელზე დაპოსტვას გამოხმაურებაც მოჰყვა, ზოგმა ისიც აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ ამ შემთხვევის გამო თანამდებობა დატოვა, თუმცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიუციათ, ანუ შემოიფარგლენ მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით’’ - განაცხადა ელისო კეთილაძემ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აღნიშნულ ინციდენტთან ვანის კრიმინალური პოლიციის უფროსის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტში მონაწილე პირი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ვანის პოლიციაში უკვე აღარ მუშაობდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცავებმა მიიღეს და მას რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით, დაჭრის ფაქტი არ დადასტურებულა, საქმეს სამტრედიის პროკურატურა იძიებს.