ხადურის უწყება მეწარმეებს დაერია და ვანო მერაბიშვილის ბიძა დააკავა

  14:07:29     15-12-2012

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს "ტაოს" ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი დააკავა. ინფორმაცია, რომ ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კანონიერების, ხე ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ასევე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობდა გამოძიება  შპს  „ტაო“ – ს ხელმძღვანელის ლევან თუმანიშვილის მიმართ, უწყებამ გუშინ გაავრცელა.

თუმანიშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბიძიაა, საგამოძიებო სამსახურის სამცხე ჯავახეთის სამმართველოში მოწმის სახით გუშინ დაკითხეს, მოგვიანებით კი დააკავეს. მის დაკითხვას ადვოკატი ზურაბ ბედიაძეც ესწრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303 –ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 – ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში, ხადურის უწყება ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე შს სამინისტრო. დაკავებათა სერია კი კვლავ პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ხადურის უწყება იძიებს რიყის ტერიტორიის გასხვისების კანონიერების საკითხს, რომელზეც უკვე დაკითხეს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და დაიბარეს პარლამენტის წევრი დავით საყვარელიძე.

სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ ლაშა მაქაცარიამ განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკური ნიშნით დევნის ხასიათს ატარებს, იგივე შეფასება მიეცა ამ საკითხს 'ნაციონალური მოძრაობის' მხრიდან. 

თუმა ხადურს პოლიტიკური ნიშნით დევნის გარდა, სხვა ბრალდებებსაც უყენებენ. მას ლილოს მოვაჭრეებიც აუმხედრდნენ, მათი განცხადებით ხადურის უწყება მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ცოტა ხნის წინ 'პრესა.ჯი' წერდა რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოწერილი კოლოსალური ჯარიმის გამო, ლილოში მოვაჭრე აზერბაიჯანელი მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.