
რაზე ისაუბრეს ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე
11:06:53     15-12-2012
როგორც ჟენევაში გამართული ორმხრივი ქართულ-რუსული დიალოგის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა იმედის მომცემი იყო, რადგან პირდაპირი შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაჯანსაღება ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაზარალდეს რუსეთის პოლიტიკური პოზიცია.
შვეიცარიაში გუშინ გამართული მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აბაშიძეც და კარასინიც მხოლოდ მცირედი კომენტარით შემოიფარგლნენ. რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბრისას აბაშიძემ უარი თქვა კითხვებზე ეპასუხა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ "საერთო ჯამში, პირველი ასეთი კონტაქტის კვალობაზე არ იყო ცუდი შეხვედრა".
შედარებით ვრცელი შეფასება გააკეთა გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" საუბარში. როგორც მან აღნიშნა, `საქართველოსა და რუსეთს გააჩნიათ შესაძლებლობა, გააჯანსაღონ ურთიერთობა. ყველა სირთულის შემთხვევაში, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაგროვდა, ამ ურთიერთობების გაჯანსაღების შესაძლებლობები მაინც არსებობს. ჩვენ ავღვნიშნეთ, რომ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხშია შესული, საჭიროა მათი გაჯანსაღება და ურთიერთქმედების ისეთი კონკრეტული ფორმის მიცემა, რომ არ დაზარალდეს რუსეთის პოლიტიკური პოზიცია. სწორედ ამას ეძღვნებოდა ეს პირველი შეხვედრა - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დავალებით მხარეები შეეცდებიან მონახონ პრობლემათა გადაჭრის გზები.
თუმცა პრობლემებზე საუბარი არც გუშინდელ შეხვედრაზე ყოფილა და ჯერჯერობით, არც სამომავლოდ აპირებენ, რომ ასეთ თემებს შეეხონ. საუბარია მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული ურთიერთობების აღდგენაზე. ამ შეხვედრის წინა დღეებშიც და პარალელურადაც რუსეთი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ოკუპირებული ქართული რეგიონების "ათვისებას".
თბილისსა და მოსკოვს შორის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე საუბარი რომ შეუძლებელია, ამის შესახებ კარასინმაც და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევის შეხვედრის წინა დღეებში ხაზგასმით განაცხადეს. და თუ ქართული მხარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ასეთი პრობლემური საკითხების განხილვისგან თავის შეკავებაა საჭირო, რუსეთი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი გადასინჯვას აღარ ექვემდებარება და ცხინვალთან და სოხუმთან მიმართებაში თბილისს აღარაფერი ეთქმის.