პროკურატურამ სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავა

  20:47:21     14-12-2012

შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკავების პროცესი გრძელდება. დღეს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი ზვიად ობოლაძე დააკავა. მას მიმდინარე წლის ზაფხულში მომხდარი ინციდენტი გაუხსენეს და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, რაც სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიცირდება და ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათისათვის, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსი ზვიად ობოლაძე, შოთა კიღურაძის ოჯახში სტუმრად მყოფი ძმიშვილის - სერგო კიღურაძის დაკავების (წვრილმანი ხულიგნობისათვის ადმინისტრაციული წესით) მიზნით მივიდა სამტრედიის რაიონის დაბა კულაშში. ზვიად ობოლაძის მოთხოვნით მასთან ერთად მითითებულ მისამართზე შეიკრიბა სამტრედიის რაიონული სამმართველოს პირადი შემადგენლობის 12 თანამშრომელი, მითითებულ მისამართზე მისვლის შემდეგ, ზვიად ობოლაძე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ავიდა შოთა კიღურაძის  აივანზე, სადაც სერგო კიღურაძე, ნათესავებთან და მეზობლებთან ერთად დომინოს თამაშობდა. პიროვნების დადგენის შემდეგ, ზვიად ობოლაძემ სერგო კიღურაძეს განუცხადა, რომ იგი დაკავებული იყო და სცადა მისთვის  ხელბორკილის დადება.

განცხადებაში, რომელსაც ზვიად ობოლაძის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა ავრცლებს ნათქვამია, რომ ‘’სერგო კიღურაძის დაკავებას ნათესავების მხრიდან, (რომელთათვის უცნობი იყო დაკავების სამართლებრივი საფუძველი) მოჰყვა პროტესტი.  ოჯახის უფროსი  შოთა კიღურაძე,  მისი შვილი  თეიმურაზ კიღურაძე და დიასახლისი მაია ახობაძე ცდილობდნენ ხელი შეეშალათ სერგო კიღურაძის ეზოდან გაყვანაში და პოლიციის  მანქანაში ჩასმაში. აღნიშნულ პროცესში, ზვიად ობოლაძემ, რომელსაც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლები ანიჭებდნენ პროპორციულობისა და აუცილელობის პრინციპების გათვალისწინებით ფიზიკური იძულების გამოყენების შესაძლებლობას, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რაც ჩაიდინა ძალადობით. კერძოდ დაკავებული სერგო კიღურაძის პოლიციის სამსახურებრივ მანქანაში ჩასმისას, ზვიად ობოლაძემ  განზრახ ჩაარტყა ხელში მომარჯვებული ცეცხლსასროლი იარაღის ტარი მაია ახობაძეს  სახეში.

დარტყმის შედეგად მაია ახობაძემ მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. მოსტყდა  ქვედა ყბის  კბილები და მიიღო ტვინის შერყევა.’’

ობოლაძის დაკავებას გამოეხმაურა 'ნაციონალური მოძრაობა', მათ ობოლაძისა და კახი კალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირება გაიხსენეს და განაცხადეს, რომ ეს არის კალაძის პირადი შურისძიება  ობოლაძეზე. კადრებში, რომელიც მაშინ გავრცელდდა, კახი კალაძე იმუქრებოდა, რომ ობოლაძეს პასუხს აგებინებდა.

'ნაციონალური მოძრაობის' წევრების განცხადებით, ზვიად ობოლაძე პოლიტიკური პატიმარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეპრესიები გრძელდება.