ვილფრედ მარტენსი: ახალი მთავრობის ქმედება ევროპაში შეშფოთებას იწვევს

  11:05:32     14-12-2012

„ახალი მთავრობის ქმედება - დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება - ევროპაში შეშფოთებას იწვევს“ - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარტენსის პირადი მიწვევით ესწრებოდა.

სამიტის მთავარი თემები ის საერთო ფასეულობები და მისწრაფებები იყო, რომლებიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს.

სხდომის დასრულების შემდეგ, ვილფრედ მარტენსმა საქართველოს ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პატივი სცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და შეინარჩუნოს ამ მხრივ მიღწეული პროგრესი. მან კიდევ ერთხელ შეაფასა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოში შექმნილ საგანგაშო სიტუაციაზე. წინა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესსაც მიაღწია. ამას გარდა, შესაძლებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების პროცესის სამართლიანად და სწორად წარმართვა. თუმცა ახალი მთავრობის ქმედება - დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება - ევროპაში შეშფოთებას იწვევს. ახალ მთავრობას მოვუწოდებთ ხელი აიღოს მსგავს ქმედებებზე და პატივი სცეს დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა მედიის თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები“, - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.

სამიტის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპული კომისიისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები.