გია ნოდია: ახალ ხელისუფლებას სურს ბეჭებზე დაანარცხოს წინა ხელისუფლება

  09:43:52     14-12-2012

ბიძინა ივანიშვილს უცხოელი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების კრიტიკა დაატყდა თავს. ამერიკელი სენატორები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებს აპროტესტებენ. საერთაშორისო პრესა კი წერს, რომ არჩევნებში გამარჯვებული ივანიშვილი ოპონენტებს ავიწროებს.

პოლიტოლოგ გია ნოდიას განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები იწვევს ეჭვს, რომ ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუარესებისა და რუსეთთან ფარული გარიგებისთვის ემზადება.

რატომ აღმოჩნდა საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური კრიტიკის ასეთ ქარცეცხლში, რაზე შეიძლება შეთანხმდეს რუსეთი საქართველოსთან და რა შეცდომებს უშვებს ქვეყნის ახლადარჩეული მთავრობა, ამაზე ‘’პრესა.ჯი“-ს პოლიტოლოგი გია ნოდია ესაუბრა.

- რას უკავშირებთ უცხოელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ტონის გამკაცრებას ახალი ხელისუფლების მიმართ?

- უცხოელთა მკაცრი ტონი საკმაოდ გასაგები და ლოგიკურია, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პოლიტიკური ოპონენტების დაკავება და დაკითხვაზე დაბარება სისტემატიური ხდება. ამ ნეგატიურ შთაბეჭდილებას ქმნის ის სურათი, რაც არჩევნების შემდეგ მივიღეთ. იბადება ეჭვი, რომ მაღალჩინოსანთა დაკავება პოლიტიკური მოსაზრებით ხდება, ანუ ახალ ხელისუფლებას სურს ბოლომდე ბეჭებზე დაანარცხოს წინა ხელისუფლება და თავისი პოზიციები განიმტკიცოს. მითუმეტეს, რომ მას სჭირდება ამის განმტკიცება, რადგან პრეზიდენტი კონსტიტუციურად საკმაოდ ძლიერ ფიგურად რჩება. ექსპერტთა ამ  ეჭვს ამყარებს ახალი პოლიტიკური ძალის  რიტორიკაც, რომელიც ცდილობს ძალაუფლების მონოპოლიტიზაციას და არ აღიარებს „ნაციონალურ მოძრაობას“ არამარტო ლეგიტიმურ ოპოზიციად, არამედ ეჭვი შეაქვს ამ პარტიის ძალაუფლებაში. ამას ადასტურებს შეტევები ადგილობრივ თვითმართველობებზე, ივანიშვილის ცნობილი გამონათქვამი, რომ პრეზიდენტი უნდა გადამდგარიყო, რომელიც არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე საათში გაკეთდა. ასევე პრემიერის დაპირებები, რომ მიუხედავად საკონსტიტიციო უმრავლესობის არ ყოლისა, პარლამენტში ისინი დაარწმუნებენ ოპოზიციის წევრებს  მხარი მათ ინიციატივებს დაუჭირონ, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობა საჭირო არ არის... ასეთი რიტორიკის ფონზე ძლიერდება ეჭვები, რომ დაკავებებს პოლიტიკური სარჩული უდევს.

- ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობს, მეზობელმა ქვეყანამაც გამოთქვა ქართულ მხარესთან შეხვედრის მზაობა. თქვენი აზრით, რუსეთთან ურთიერთობის დათბობა ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭებას ხომ არ გამოიწვევს?

- ამერიკას არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, უბრალოდ არის რეალობა, რუსეთის მხრიდან მკაფიო გზავნილები გვესმის, რომ მასთან ურთიერთობის მოგვარება შესაძლებელია სტრატეგიული დათმობების გზით. ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმა. მიუხედავად  რუსეთის ასეთი პოზიციისა, ახალი ხელისუფლება გვპირდება, რომ შეიძლება ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის გაუმჯობესება. გამოდის, რომ ის ატყუებს ხალხს და მზად არის სტრატეგიულ დათმობებზე წავიდეს, შეცვალოს საგარეო კურსი და ამას არ ამხელს. სწორედ ასეთი არათანმიმდევრული ქმედებები იწვევს ბევს ეჭვს, რომ ხელისუფლება ემზადება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუარესებით.

- ფაქტია, რომ შეხვერდა შედგება, თქვენი აზრით რაზე შეიძლება რუსეთი საქართველოსთან შეთანხმდეს?

- ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელად ზურაბ აბაშიძის დანიშვნას თავიდან რუსეთის მხრიდან ნულოვანი რეაგირება მოჰყვა. ახლა ეტყობა კრემლმა გადაწყვიტა, რომ ასეთი იგნორირება არ შეიძლება და რაღაც საპასუხო ჟესტით უნდა ეპასუხა. ეს ჟესტი მხოლოდ შეხვედრაში გამოიხატა. მე პირადად შეხვედრისას არც ერთ სერიოზულ საკითხზე რუსეთის მხრიდან დათმობას არ ველოდები. თუ რა თქმა უნდა, რაღაც ფარული შეთავაზება არ იქნება რუსეთისთვის, რომ საქართველო აპირებს პოლიტიკის პრინციპულად შეცვლას.

- პრემიერ-მინისტრი გვირჩევს გახშირებულ მკვლელობებს, ყაჩაღობებსა და ძარცვებს გაგებით მოვეკიდოთ, როგორ შეაფასებდით პრემიერის ამ პოზიციას?

- ეს პოლიტიკური ლიდერისთვის მორიგი არაადეკვარტური განცხადება იყო. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს „გაგებით მოკიდება“ არის ანეკდოტური გამონათქვამი, რომელიც ხუმრობის თემადაც კი იქცა. დაუშვებელია ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობდეს, რომ ისინი განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომელიც მცირე დანაშაულის მატებას გამოიწვევს და ხალხმა ეს ნორმალურად უნდა მიიღოს.