პრეზიდენტის პრესსპიკერმა თავდაცვის სამინისტრო ტყუილში ამხილა

  12:00:41     13-12-2012

თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ალასანიას ყოფილმა პრესცენტრმა ვაკო ავალიანმა საზოგადოებას სიამაყით ამცნო, რომ საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტი ავალიანი ან ჯერ ვერ გაერკვა თავდაცვის სამინისტროს ლაბირინთებში, ან შეგნებულად ცრუობს.

ვაკო ავალიანის განცხადებით, პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავდა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ საკმაოდ სოლიდურ თანხად იყიდა, იმისთვის, რომ თანხები დაზოგილიყო, პრეზიდენტს ერთი ბორტი ჩამოართვეს და ყოველთვიურად ქვეყანას 850 000 ლარიანი დანაზოგი გაუკეთეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე გამოეხმაურა.

„თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი გადაადგილებისთვის იყენებდა ერთ საჰაერო ხომალდს, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით  და  გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან  ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ  ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.