![უკავშირდება თუ არა გარდაბნის გამგებლის მოადგილის თვითმკვლელობა პროკურატურაში დაკითხვას? უკავშირდება თუ არა გარდაბნის გამგებლის მოადგილის თვითმკვლელობა პროკურატურაში დაკითხვას?](http://presa.ge/img/multimedia/a22468.jpg)
უკავშირდება თუ არა გარდაბნის გამგებლის მოადგილის თვითმკვლელობა პროკურატურაში დაკითხვას?
11:01:21     13-12-2012
რა გახდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გარდაცვალების მიზეზი ამის დადგენას ადგილობრივი პოლიცია და ექსპერტები ცდილობენ. გუშინ საღამოს, მანუჩარ ჯოხაძე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
არსებული ვერსიით, ჯოხაძემ თავი მოიკლა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
გარდაბანში სუიციდის ერთ-ერთ მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება. გარდაცვალილის ახლობლები პირად საუბრებში აცხადებებ, რომ ჯოხაძეს ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
არის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც პროკურატურის მიერ გამგებლის მოადგილის დაკითხვას ეხება. ჯოხაძის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ თვითმკვლელობა პროკურატურაში მის ერთსაათიან დაკითხვას უკავშირდებოდა.
ჯოხაძის ცხედარი რუსთავის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
დაიკითხა გარდაცვლილის მეუღლე. ოჯახის ახლობლების განცხადებით, მანუჩარ ჯოხაძე გარდაცვალებამდე მათთან ერთად იმყოფებოდა, ის მეორე დღეს ნათესავის წლისთავზე რაჭაში წასვლას გეგმავდა.
'პრესა.ჯი’’ მომხდართან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა. გამგებელმა ზვიად ეპიტაშვილმა მოადგილის გარდაცვალებაზე გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
შეფასებისგან თავის იკავებებენ საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც. როგორც „პრესა.ჯი“-ს ეკა ხერხეულიძემ განუცხადა, მანუჩარ ჯოხაძის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარისთვის პროკურატურას უნდა მივმართოთ.
„რა გითხრათ, მანანა ბერიკაშვილს დავემსგავსო და ვთქვა, რომ გამგებლის მოადგილის სიკვდილთან მმართველი გუნდია დაკავშირებული? გამოძიება დასრულდეს, თუ ეჭვი გაგვიჩნდა ამას დასაბუთებულად ვიტყვით. უპრიანი იქნება ჯოხაძის თემაზე კომენტარის გაკეთება პროკურატურას სთხოვოთ“,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.