ლიბერმანმა თბილისში ვიზიტი გადადო - ისრაელის პასუხი საქართველოს მთავრობას

  10:56:11     13-12-2012

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის ვიზიტი, რომელიც საქართველოში უახლოეს ორ კვირაში იყო დაგეგმილი, გადატანილია და ის მოგვიანებით შედგება. ამასთან, ისრაელის საგარეო უწყების ინფორმირებული წყარო ადასტურებს, რომ ვიზიტის გადადება გაეროში განვითარებულ მოვლენებთან, საქართველოს მხრიდან პალესტინისათვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების მხარდაჭერას უკავშირდება.

როგორც „ვესტნიკ კავკაზას“ სპეციალური კორესპონდენტი ისრაელიდან იუწყება, ისრაელის საგარეო უწყებაში არ მალავენ საქართველოს ხელისუფლების ამ პოზიციის გამო იმედგაცრუებას და იმასაც კი ამბობენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ დიპლომატიურ ნაბიჯებზე ფიქრობენ. ერთ-ერთი თანამშრომლის სიტყვებით, თუკი აზერბაიჯანმა, სომხეთმა, რუსეთმა, ბელორუსმა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებმა ადრევე პატიოსნად გააფრთხილეს ისრაელი, რომ მხარს დაუჭერდნენ პალესტინას, საქართველო ბოლო მომენტამდე ირწმუნებოდა, რომ კენჭისყრისას თავს შეიკავებდა.

სტატიის ავტორის თქმით ამას არ უარყოფს თავად ქართული მხარე და მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა სიტყვები მოჰყავს, რომ ხელისუფლება მართლაც ორჭოფობდა კენჭისყრის წინ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა ხმა მიეცა პალესტინისათვის, რის შესახებაც აცნობა ისრაელსაც, აშშ-საც და ევროკავშირსაც.

როგორი შეიძლება იყოს პოტენციური კონრეტული ნაბიჯები საქართველოს წინააღმდეგ, ჯერ უცნობია - წერს ავტორი და ისრაელის მიმოხილველთა პოზიციაზე საუბრობს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ საქართველოს საპასუხოდ ისრაელს შეუძლია აფხზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხში ღიად პრორუსული პოზიცია დაიკავოს, თუმცა ექსპერტებმა ამ ვარაუდებს უსაფუძვლო უწოდეს.

სტატიის ავტორი იმასაც წერს, რომ თუკი ერთი თვის წინ ისრაელის მედია დიდ ყურადღებას უთმობდა 6-9 დეკემბერს დაგეგმილ საქართველო-ისრაელის ბიზნეს-კონფერენციას და წერდა, რომ თბილისში ისრაელის ბიზნესმენების დიდი დელეგაცია ჩავიდოდა, თუ როგორ ჩატარდა ეს ფორუმი და ჩატარდა თუ არა ის საერთოდ, ამაზე სიტყვას აღარავინ წერს. და ცნობილია მხოლოდ ის, რომ ებრაული დღესასწაულის ხანუქას წინა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელს გაბრიელ მირილაშვილს შეხვდა. გარდა ამისა, 12 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ხანუქასადმი მიძღვნილი გამოფენა, მაგრამ როგორც ჩანს, მის გახსნაზე ოსრაელის არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი არ მისულა. შესაძლოა, ეს იმითაც აიხსნას, რომ ისრაელში ახლა წინასაარჩევნო კამპანიაა და ყველა პოლიტიკოსი არჩევნებითაა დაკავებული. ყოველ შემთხვევაში, საქართველო-ისრაელის ურთიერთობაში სიცხადის შეტანა 22 იანვრამდე შეუძლებელი იქნება - წერს პორტალი „ვესტნიკ კავკაზა“.