
გლდანის 59-ე სკოლაში პირველკლასელი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ დაადგინა
11:52:31     12-12-2012
თბილისის N59-ე საჯარო სკოლის პირველკლასელი მოსწავლის, ანდრია ასპანიძის გარდაცვალების ფაქტმა მთელი საქართველო შეძრა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.
„სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, დაიკითხა გარდაცვლილის პედაგოგი. დამატებითი დეტალები საჯარო გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება“,- განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
მომხდარის შესახებ „ პრესა.ჯი“ N59-ე საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელ ლელა მეშვილდიშვილს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, გუშინ ბავშვი გახანგრძლივებულ ჯგუფში ჩავიდა და მასწავლებელს საპირფარეშოში გასვლა სთხოვა, უკან მობრუნებულმა კი უთხრა, რომ საწერი კალმის თავსახური გადაეყლაპა, რის შემდეგაც, როგორც პედაგოგი ყვება ბავშვს სუნთქვა გაუჭირდა. სკოლის ექიმმა სასწრაფოს მოსვლამდე ანდრიას პირველადი დახმარება გაუწია, სასწრაფო დროულად მოვიდა, ბავშვი იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
- პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა...
- პოლიციის თანამშრომლებმა გუშინვე დაკითხეს გახანგრძლივებული კლასის მასწავლებელი. როგორც ახლა გავიგე ექსპერტიზის პირველადმა შედეგებმა აჩვენა რომ ბავშვის სხეულში აღმნოჩნდა უცხო სხეული, სავარაუდოდ ეს იყო საწერი კალმის თავსახური.
- იყვნენ თუ არა სკოლაში გარდაცვლილის ახლობლები, თუ აქვთ მათ მომხდარის შესახებ კითხვები?
- არა, სკოლაში არავინ მოსულა. ჩვენ გახლდით გარდაცვლილის ოჯახში. ეს ჩვენთვისაც უდიდესი ტრაგედიაა.