ივანიშვილის პოლიტიკის მიმართ, აპატურაისა და რასმუსენის პოზიცია არ შეცვლილა
19:41:59     09-12-2012
„მე არ ვიტყოდი, რომ მკვეთრად შეიცვალა რამე. ის ხუთი მესიჯი, რომლებიც გენერალურმა მდივანმა გააცნო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აქ ყოფნის დროს, ზუსტად ის ხუთი მესიჯია, რომლებიც მან დღეს წარმოთქვა. და რადგანაც გენერალური მდივანიც შეშფოთებულია და ალიანსიც, ეს ხუთი მესიჯი უცვლელია.
ამასთან, ითქვა, რომ მას უფრო მოემატა რწმენა საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის თაობაზე მიღწეული შეთანხმების გამო.
ეს იმის კარგი ნიშანია, რომ მთავრობას და ოპოზიციას შეუძლიათ საერთო აზრის გამონახვა ასეთ რთულ და სენსიტიურ საკითხში, რაც სულაც არ არის იოლი. ასე რომ, ეს იმედის მომცემი ნიშანია დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მიდგომა და პოზიცია, რომელიც გენერალურმა მდივანმა გააცნო ბატონ ივანიშვილს, დღესაც ძალაში რჩება“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
„რაზეც ნატოს მოკავშირეები და ასევე საერთაშორისო მედია გამოთქვამს შეშფოთებას, ესაა პოლიტიკური შეხედულების გამო დევნა, ესაა დაპატიმრებულთა მასშტაბი, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბრალდებების სპეციფიკა ბადებს შეკითხვებს.
ეს არაა შეკითხვები, რომლებზეც ნატომ ანდა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს ევალება, რომ არ გრძნობდეს უხერხულობას დაპატიმრებების იმ ფორმების გამო, რასაც ადგილი აქვს. ამავდროულად, ესაა სამწუხარო რეალობა, რაც მოითხოვს ისეთი პოლიტიკური და სასამართლო სისტემის არსებობას, რომელიც გამორიცხავდა პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას.
ჩვენ გვინდა, რომ უბრალოდ, გაგიმეოროთ ეს მოსაზრება და ამას ვაკეთებთ როგორც საქართველოს მეგობრები. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და გვინდა, რომ საქართველომ მიაღწიოს ნატოში გაწევრიანების სტანდარტებს და მიაღწიოს საერთაშორისო საზოგადოებაში გაწევრიანების სტანდარტებს“, - უთხრა აპატურაიმ „თავისუფლებას“.
P.S: მიუხედავად რასმუსენის, ბაროზოს, ეშტონისა და გორდონის მიერ გამოხატული ღია შეშფოთებისა, საქართველოში მიმდინარე შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების გამო, პრემიერი ივანიშვილი კვლავ აგრძელებს იმ კურსს, რომელიც უფრო ლუკაშენკო-იანუკოვიჩის გზაა, ვიდრე სამართლიანობის აღდგენა და დემოკრატიული პროცესი...