
„ვერსია“: სკანდალური ინტერვიუ, რის გამოც გივი თარგამაძეს დაიჭერენ!
17:36:23     08-12-2012
5 დეკემბრიდან ქვეყანასა და წინა ხელისუფლებას უკვე 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი ჰყავს! საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება მიიღო ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე’‘ და 190 ადამიანს პოლიტპატიმრის, 25 ადამიანს კი პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა.
მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" მთელი თავისი რიტორიკული ხელოვნების გამოყენებით ეწინააღმდეგებოდა დადგენილების ძალაში შესვლას, მაგრამ ბოლოს, მათაც ჩაიქნიეს ხელი, ნელ-ნელა დარბაზი დატოვეს და ღილაკს ,,წინააღმდეგ’‘ ხელი მხოლოდ 14-მა "ნაციონალმა" დააჭირა.
ხმაურიან სხდომაზე გამორჩეულად ხმაურიანი გივი თარგამაძე იყო, რომელიც მისთვის ლიმიტირებულ დროში ვერ ჩაეტია და სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა თავისი კიდევ უფრო ხმაურიანი და სკანდალური გამოსვლა „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააგრძელა:
- 200-ზე მეტი პოლიტდევნილი და პატიმარი სულ რაღაც 25 დაჭერილი „ნაციონალის“ წინააღმდეგ – თქვენი პირველი შეფასება ამ სიაზე ძალიან მწვავე იყო, თუმცა ახლა აღნიშნეთ, კარგია, „კოჭოია“ სიიდან რომ ამოიღესო.
- „კოჭოია“ არ მაინტერესებს, ვააგნ ჩახალიანი რომ არ ამოეღოთ, გარწმუნებთ, როგორც კი ეს კაცი ციხიდან გამოვიდოდა, ახალქალაქში მაშინვე შეუქცევადი პროცესები დაიწყებოდა. ასე რომ, მგონი, მაინც დავარწმუნეთ, ეს კაცი სიიდან ამოეღოთ.
- „ოცნებასთან“ ხალხის სიიდან ამოღებაზე საუბარი მიდიოდა?
- დიახ, რა თქმა უნდა, მიდიოდა.
- შემთხვევით, ოქრუაშვილიც თქვენ ხომ არ ამოაღებინეთ სიიდან?
- ოქრუაშვილი, საერთოდ, არ მაინტერესებს. მე ამ კაცთან ურთიერთობა ჯერ კიდევ იმ დროიდან მაქვს, ვიდრე ის ქვეყანას უღალატებდა. რაღაც მინიშნებები იყო, რომ ამას აპირებდა. მე და ოქრუაშვილმა ამ თემაზე ვილაპარაკეთ, ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამდა.
ვუთხარი – ამას თუ გააკეთებ, ამის მერე ჩემი მტერი გახდები-მეთქი. ჰოდა, როცა გადადგომა დააპირა, მითხრა, ვიცი, მტერი რომ ვიქნებიო. ეს ამბავი ძალიან ადრე მოხდა - მაშინ, როცა ის ბადრი პატარკაციშვილთან წავიდა.
მას მერე ეს ადამიანი აღარ მაინტერესებს, თუმცა მისი სხვა მოქმედებები მეტ-ნაკლებად ჯდებოდა „შიდამოღალატეობის“ ჩარჩოში, მაგრამ მერე მართლა კლასიკა გააკეთა – რუსებთან ჩავიდა და დოკუმენტურ ფილმში საქართველოს რაღაცები დააბრალა. ეს აბსოლუტური ღალატია, ამიტომ ისიც კი მზარავს, რომ დღეს ეს ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზეა. ციხეშია თუ სადაცაა, თავად მისი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი უკვე საზიზღრობაა!
- ოქრუაშვილი ციხეში დატოვეს, არც სიაში შეიყვანეს, მაგრამ იმ ხალხზე რას იტყვით, ვინც სტატუსი მიიღო?
- მე თუ მკითხავთ, ეგ სიები უნდა დახიო და გადაყარო! ვინ დააწესა, რომ ეკა ბესელია და ნანა კაკაბაძე, რომელსაც რაღაც „ენჯეო“ აქვს, რაღაც სტატუსებს ადგენენ?! ამათ ვინ ეკითხება, ან რომელი კანონის მიხედვით მოხდა ეს ყველაფერი? უბრალოდ, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ასე გადაწყვიტა – ეს რა, რევოლუციაა, თუ რა ხდება?!
- გეტყვიან, რომ ეს პროცესი საზოგადოების ფართო სპექტრის მოთხოვნით დაიწყო.
- ეს საზოგადოების მოთხოვნა არ არის – არ არსებობს! მაშინ რატომ არ იყვნენ ამ პროცესში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - რა, მათ ნაკლები ინტერესი აქვთ საზოგადოების მოთხოვნებისადმი? ნანა კაკაბაძეს არც არავინ იცნობს და ფეხებზე ჰკიდია მთელ საზოგადოებას! მარტო იმის გამო, რომ ამათ ხელისუფლებაში მოსასვლელად ემსახურა, ახლა გახდა რაღაცის გადამწყვეტი? მართლა პაპუასები ვართ? ნანა კაკაბაძის მიერ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მართლა პაპუასობაა!
- რატომ გაქვთ მის მიმართ ასეთი აგრესია, იქნებ რამე ისეთი იცით, რაც სხვებმა არ იციან?
- რა შუაშია ერთი ცალი „ენჯეოს“ აზრი, არ მესმის! ჩახედეთ სიაში მეშვიდე ნომერს
– ზვიად ბერაძე არის ადამიანი, რომელიც კაცისკვლაზე წავიდა, უბრალოდ, ის კაცი, შემთხვევით, ცოცხალი გადარჩა. როგორც ნანა კაკაბაძემ განაცხადა, მისი ამ სიაში შეყვანის ერთადერთი საფუძველი ისაა, რომ ჩემი ძმის მეგობარია და ეს საკმარისიაო! ზუსტად ასეა და ჰკითხეთ კაკაბაძეს, რატომაა ეს ადამიანი სიაშიო. სხვას, უბრალოდ, ვერაფერს გიპასუხებთ. აქ, ამ სიაში ისეთი გვარები წერია, რომლებიც მე, უბრალოდ, არ ვიცი, ვინ არიან! ახლა ავდგები, ასეთივე სიას გავაკეთებ, ყველას მივაწერ, რომ მათ ნანა კაკაბაძე ფულს სძალავდა და შევიტან ამ სიას პარლამენტში. მერე ამით რა, შეიცვლება რამე?
- ფაქტები გაქვთ, ასეთ მძიმე ბრალდებას რომ უყენებთ კაკაბაძეს?
- და ამ ხალხის პოლიტდევნილად აღიარებისთვის საკმარისი ფაქტები არსებობს? არაფერიც არ არსებობს!
- ამ სიაში შეტანილი ყველა პარტიის წარმომადგენელსა თუ მოვლენის მონაწილეზე იგივე განწყობა გაქვთ - 26 მაისზეც, „მუხროვანის“ ბუნტზეც, „ყინწვისის საქმეზეც“?
- „მუხროვანის“ ამბოხი ჩემთვის საერთოდ ამაზრზენი მოვლენაა. როგორ შეიძლება, საერთოდ ამ თემის აჟიტირება, რა, მაინცდამაინც უნდათ, „გაიჩალიჩონ“?
- ვინ რა უნდა უნდა „გაიჩალიჩოს“?
- შევარდნაძის დროს ხომ მოაწყო ბუნტი კობა ოთანაძემ, ჩვენს დროსაც მოაწყო, ახლა ამათ დროსაც უნდა მოაწყოს? მაშინ მოდი, შემოვიღოთ ვლადიმერ პუტინის სახელობის ორდენი და გადავცეთ ამ კაცს. ხომ ამბობს, გმირი უნდა ვიყოო! ეგ კაცი რეციდივისტია ამბოხებების ამბავში – ეგ და გია კრიალაშვილი, რომელიც გარდაიცვალა.
მთელი ის დეგენერატობები, რასაც ლაპარაკობდნენ, დიდი სისულელეა – გვამს ფეხებს ურტყამდა, ოთანაძეს მაჯები დაუხვრიტაო. საიდან მოიტანეს, საერთოდ?! „ვარდების რევოლუციის“ მერე ოთანაძემ პირდაპირ მითხრა, დამიბრუნეთ სპეცნაზი „ალფა“, რომელიც იყო იგორ გიორგაძის და მე, როგორც რუსების კაცი, ვეცდები, ურთიერთობები დაგილაგოთო.
ეს პირდაპირ ვალერი ხაბურზანიას გზის გაგრძელება იყო, რომელმაც იგივე თქვა – მე რუსების კაცი ვარ და დამტოვეთო. მერე პუტინმაც უთხრა პრეზიდენტს, მართლა ჩვენი კაცია და დატოვეთო. ახლაც გრძელდება ეს ისტორია – ხაბურზანიას მოადგილე იყო ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ახლა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა და ახლა გამოუშვებს ოთანაძეს!
- და ამით რას ამბობთ, ნაცვლიშვილის გადაადგილება შს სამინისტროდან კბილაშვილთან ოთანაძის გამოსაშვებად მოხდა?
- რა თქმა უნდა! კბილაშვილი მაინც ადვოკატია, მისთვის ეს სიმხეცეები მისაღები არ არის. ასეთი რამეები არც შევარდნაძის დროს ხდებოდა. ეს ყველაფერი ახლა მათ ბიძინამ დაავალა, რადგან კბილაშვილს რაღაც მორალი მაინც აქვს.
დარწმუნებული ვარ, მორალი თეა წულუკიანსაც აქვს. კი ლაპარაკობს „ბლატნოი“ სიტყვებით, მაგრამ საბოლოოდ, მისი მიზანი ევრომოსამართლეობაა და ბოდიში, მაგრამ ამ ქაქით იქამდე ნამდვილად ვერ მივა, ამიტომ იქ ისეთი ადამიანი დანიშნეს, ანუ ნაცვლიშვილი, ვინც ყველანაირი ქაქით მივა, სადაც გინდა! ეს კაცი წაიღეს, დადეს იქ და დამარცვლით მოგვიყვნენ, რატომ ჩააბარეს ყველაფერი - მაგას აწი, არც წარსული აქვს, არც მომავალი. ნაცვლიშვილი არის მარტო აწმყო, ყოველთვის – ეს ის აწმყოა, რომელშიც „იჩხირავს“, რომელშიც რუსების კაცია, მისი უფროსი პირდაპირ გვეუბნებოდა, რუსეთის ვარ, დამტოვეთო. არ დავტოვეთ და ახლა გამოგვიგზავნეს ნაცვლიშვილი, რომლის ქვეშ, კიდევ კაცმა არ იცის, რამდენი ადამიანია.
კბილაშვილი იქ უბრალოდ არის, როგორც სექსუალურად მომწიფებული კაცი. მე კი ახლა ოპოზიციაში ვარ და ჩემთვის ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი! რომ იცოდეთ, ეს სია ბოლომდე არც კი მინახავს, მაგრამ „გრეჩიხას“ პარტიას სიაში ერთი კონკრეტული კაცია, ვისზე ლაპარაკითაც ტვინი შეჭამეს. ეს კაცი „ჩაწოლილი“ ნარკომანია, „პეტუხას“ ეძახიან - მერაბ მაისურაძე ჰქვია. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ეგ „გრეჩიხათია“ მაგ სიაში მოხვედრილი.
- ვეღარ გავიგე, ეს ვისი სიაა, კაკაბაძის, ნაცვლიშვილის თუ გაჩეჩილაძის?
- ჩემი თვალთახედვით, პოლიტიკა აქ საერთოდ არაფერ შუაშია. თავშია ფული, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, იღებდა ნანა კაკაბაძე და ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ალბათ იღებდა ეკა ბესელიაც. მაგათ ახლა ხომ ისე აქვთ საქმე აწყობილი პროკურატურაში, რომ ერთი კაცი იტყვის ერთ სიტყვას და მორჩა.
- ლევან პირველი, იგორ გიორგაძე, ლამის ყოველდღიურ რეჟიმში აანონსებენ საქართველოში დაბრუნებას, ესეც მართული პროცესია?
- ეს ადამიანები დამტკიცებულად არიან ამ ქვეყნის მტრები და იმიტომ სურთ დაბრუნება, რომ ჰგონიათ, გზა ხსნილია. ჯერ არ ვიცი, რას გადაწყვეტს უმრავლესობა, კიდევ რაღაც თათბირებს ჩაატარებენ, მოწყდება თუ არა ამ ჯგუფს ვინმე, მაგრამ მთავარია, დარჩება ნანა კაკაბაძე და გედევან ფოფხაძე, რომლის აზრით, იგორი შესანიშნავი კაცია. ეს სიტუაცია ვითომ „ღადაობად“ ჩანს, მაგრამ ასეთმა უპასუხისმგებლობამ შეიძლება, ქვეყანა ერთ წუთში დაანგრიოს. თუმცა ჩვენ მხნედ ვართ და ვეცდებით, თუ ქვეყანამ ჩამონგრევა დაიწყო, სიტუაცია დავიჭიროთ.
- ახლა ამისთვის რა ბერკეტი შეგრჩათ?
- ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ სიტუაციას სწორედ ჩვენ დავიჭერთ და არა ესენი. ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი ვართ, ესენი კი თავისთავის კაცები.
- უმრავლესობა კი, უბრალოდ, დემაგოგებს დაგარქმევდათ.
- რაც უნდათ, ის დაგვარქვან, მაგრამ თუ სახელმწიფოს ჩონჩხს რაღაც ბზარი გაუჩნდა, ამათ აღარ შევხედავთ და ვეცდებით, გავამთელოთ. როგორ შეიძლება, ერთ თვეში გადაიკიდო მსოფლიოს ნახევარი? რანაირად უნდა მოახერხო, გადაიკიდო ყველაზე ახლო მეგობრები აშშ, ევროპა და ზედ მიამატო თურქეთი, ისრაელი, ჩინეთი?
- გააკეთეთ შეფასება ისრაელის კონფლიქტთან მიმართებაში საქართველოს პოზიციაზე, როცა ჩვენ აშშ-სა და სხვა მნიშვნელოვანი ქვეყნების საწინააღმდეგო პოზიცია დავაფიქსირეთ.
- მე არ მჯერა შეთქმულების თეორიების და იმისა, რომ ბიძინა რუსების პროექტია. რუსები ბევრად სუსტები და დებილები არიან და მათ ასეთი რაღაცის დაგეგმვა არ შეუძლიათ. ახლა პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადა რომ ყოფილიყო, თვენახევარში მოგვიღებდა ბოლოს, ისეთი დასუსტებულია საქართველო.
მოკლედ, ზედ გადაგვივლიდნენ, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა, მგონი, პუტინს ზურგი აწუხებს და ეს ფაქტი სასიხარულოა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იყო უვიცობა, უმეცრება, ასეთი არაკომპეტენტურობა ყველა დონეზე საოცარია.
ზვიად გამსახურდიას დროსაც კი, როცა ახსნა შეიძლებოდა, რატომ იყო ქვეყანაში ასეთი არაკომპეტენტურობა, ამგვარი მდგომარეობა მაშინაც არ იყო. ესენი კი ყოველგვარ ზღვარს არიან გადასულნი. ჩვენი ხალხი ხომ გამოყარეს, დასხდნენ თვითონ და „გაგნებაში“ არ არიან, როგორ უნდა ქვეყნის მართვა. კი, ბატონო, უხარია ამ ხალხს, რომ ჩვენებს იჭერენ, მაგრამ ამ დაჭერებსაც ხომ აქვს თავისი რესურსი? გავა ახალი წელი, გადაივლის ეს „პახმელია“ და ყველა დაინახავს, რომ ხელში მარტო დაჭერები შერჩათ. დაგვიჭირონ, მერე ჩვენ რა, არც გვეშინია, არც გვენაღვლება. ამის მერე კი მაინც არაფერს გააკეთებენ.
- თქვენ რა იცით წინასწარ, ხომ ამბობენ, ჯერ სამართლიანობას აღვადგენთ და მერე დანარჩენ საქმეებსაც მივხედავთო?
- ერთი თვის მერე დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, ჯერ დაჭერები იქნება და რომ მოვრჩებით, მერე მივხედავთ საქმესო. ჰოდა, შევთანხმდით, დაიჭირონ 20 კაცი, მერე?
- შეიძლება, 21-ე თქვენ იყოთ ამ ბრალდებების გამო.
- არ მაინტერესებს და არ მენაღვლება. როგორც აქ ვიქნები, ისე ვიქნები იქაც. ბევრი მიპირებდა დაჭერას, მაგრამ ეს პრობლემა არასოდეს ყოფილა. მათი ყველა ნაბიჯი, უბრალოდ, უმეცრებაა და შეგვიძლია, პირველი უმეცრებიდან დავიწყოთ – ეტყობა, ბიძინას „ვაშინგტონ პოსტში“ ეგ სტატია პირველად წააკითხეს, თორემ მანამდე, სამი-ოთხი ეგეთივე სტატია იყო, ახლა ამან პირველად ნახა და მიიჩნია, რომ შეუძლია, მთელ მსოფლიოზე გაცხარდეს.
შეებრძოლა მთელ მსოფლიოს და ერთის ნაცვლად, მიიღო სამი. ამ დროს, ეს ის გაზეთია, რომელმაც ჭორვილელი ბიძინა კი არა, ნიქსონი გადააყენა თავისი პოლიტიკური კარიერის პიკში. ამასობაში, ბიძინა აქ, ყველას მარტო ფულს კი არ შეპირდა, არამედ უთხრა, რომ მათი ოცნების ზედა ზღვარს დააკმაყოფილებდა. ყველაფრის შესრულება კი თოვლის ბაბუასაც არ შეუძლია და თოვლის ბაბუა რომ არსებობდეს, ეს ბიძინა ივანიშვილი არ იქნებოდა. კაცს შვიდი მილიარდი აქვს, დიდი ამბავი.
- იმათთვის დიდი ამბავია, ვისაც ფონდ „ქართუდან“ სტიქიის შედეგად დანგრეულ სახლებს აღუდგენენ.
- ზღაპრები, ზღაპრები-მეთქი! მე კიდევ ვეცდები, აღვადგინო ჩემი შესაძლებლობები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. ძველ პროფესიას ახლა დავუბრუნდები, აბა, სულელი ხომ არ ვარ, ხელისუფლებაში ვიყო, „პლაკატები“ გავშალო და ვიშიმშილო. ადგილობრივ თვითმმართველობასთან მყოფი ხალხი კარვებს რომ შლის, ამის გამო შეიძლება სიცილით მოკვდე!
- ჰოდა, ხომ დადიოდით მეზობელ ქვეყნებში და ყველგან რევოლუციებს გეგმავდით. ახლა აქ თავად ხართ ოპოზიციაში - იგივეს არ აპირებთ?
- მე არ ვგეგმავ, ისინი გეგმავენ და მე ვეხმარები. მაქვს ტექნიკური ცოდნა და მიმაჩნია, ამ ცოდნის არგაზიარება, ღორობა იქნება.
- რუსეთის, უკრაინის მოვლენები, როცა 2010 წელს ტიმოშენკოსთან შეხვედრა წამოგაძახეს და თქვეს, ამიტომ დაეცა მისი რეიტინგიო, ასევე ბელორუსის მოვლენები, როცა ლუკაშენკოს გადაყენება გდომებიათ 4 მილიონად.
- ერთი წუთით! სინამდვილეში, ტიმოშენკო რუსებს რომ შეხვდა, მაშინ დაეცა მისი რეიტინგი, მე ვცდილობდი „ამომექაჩა“, მაგრამ არ გამომივიდა. ახლაც ვიმეორებ – ვეცდები, ყველას გადავცე ჩემი ცოდნა.
რაც შეეხება გედევან ფოფხაძისთვის მშვენიერი ადამიანის, იგორ გიორგაძის განცხადებას 4 მილიონზე, მის „კაგებეშნიკურ“ სიტყვებზე კომენტარს არ გავაკეთებ. იმის არ იყოს, პატარა რომ ვიყავი და ბიჭი გავაუპატიურე. ესეც იგორია! მე მას შევპირდი, რომ როგორც კი საქართველოში შემოვა, მის ფეხქვეშ მიწა დაიწვება, ამათ რომც შემოუშვან, მე მაინც ყველაფერს გავაკეთებ, რომ დანაპირები ავუსრულო!
- ახლა გიორგაძე იტყვის, ლიკვიდაციით მემუქრებაო!
- ვემუქრები, ოღონდ ფეხქვეშ მიწის გახურებით.
- თუკი არაფერს აპირებთ, მაშინ რისთვის გვახსენებთ, რომ რევოლუციის ტექნიკას კარგად ფლობთ?
- პირველად არ ვარ ოპოზიციაში, ამიტომ დისკომფორტს არ ვგრძნობ. ადრე ინტერვიუ „ნოვაია გაზეტას“ მივეცი. ამათ ბევრი უბოდიალიათ და ის ადგილი უნახავთ, სადაც ვთქვი, ხელისუფლება რაღაც ზღვარს თუ გაცდება, შეიძლება ახალგაზრდობა გავიხსენოთ-მეთქი.
ჰოდა, რადგან ამ თემისადმი ასეთი დიდი ინტერესია, პირდაპირ თქვენ გეტყვით - რა თქმა უნდა, არის ზღვრები, რის მერეც, ჩვენ თუ ჩავთვალეთ, რომ ქვეყანა იღუპება, ახალგაზრდობას გავიხსენებთ, ოღონდ ამას მარტო ჩვენით ვერ გავაკეთებთ, როგორც მაშინ არ გაგვიკეთებია მარტო - ხალხიც ჩვენთან იყო!
- მერე თქვენი მაშინდელი და ახლანდელი მხარდაჭერა ერთია?
- თუ აქამდე მივა საქმე, ხალხი ამ სიტუაციას თავის ხელში აიღებს და მათაც ისევე დავეხმარებით ტექნიკის ცოდნით, როგორც ჩვენს მეგობრებს. შესაბამისად, ავიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც! ეს ქვეყანა ბევრად ჩვენია, ვიდრე ივანიშვილის, რომელმაც სისხლიანი ფულები იშოვა ყაჩაღურ რუსეთში ბოდიალით და მერე თავის სოფელში ჩაჯდა.
- და იქიდან გიგზავნიდათ ფულს!
- არ გვიგზავნიდა, ეს ტყუილია და მე ამას დავამტკიცებ! ბიძინამ რაც დააფინანსა, ათი იმდენი აიღო უძრავ-მოძრავი ქონებით.
- თქვენ რომ ბოტანიკური ბაღი გააჩეხინეთ მთაწმინდაზე, შუშის სასახლის ჩასადგმელად, ეგ ვისი ბრალია?
- ეგ და არა მარტო ეს, ჩვენი ბრალია, ჩვენი შეცდომაა!
- ბიძინა ივანიშვილი თქვენი პოლიტიკური შეცდომაა?
- რა თქმა უნდა, ჩვენი შეცდომაა. ამიტომაც ვეთანხმები უმრავლესობის პათოსს და მოვითხოვ, ეს საქმეც, როგორც სხვა დანარჩენი, გენერალურ პროკურატურას გადავცეთ!
- საზღვრებზე საუბრობდით - სად გადის ზღვარი, როცა ხვდები, რომ ახალგაზრდობა უნდა გაიხსენო?
- ზღვარი არის ქვეყნის სუვერენიტეტი. ბიძინა კი ისეთი ტემპით მიდის უკან, მის სადარაჯოზე ყველაზე მგრძნობიარე რადარივით ვიდგებით. ჩვენ ზღვარს არაფერში გადავალთ, ოღონდ, როგორც კი საფრთხე შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი დღის წესრიგი იმავე წამს შეიცვლება.
რა თქმა უნდა, მიხსენებენ ფრაზას „სულს ამოგხდით“, მე კი ვამბობ - არ დავუშვებ, პრორუსული ძალების რევანშს, არ დავუშვებ, რუსთაველზე რუსეთის დროშის ფრიალს, სულს ამოგხდით!
ნინო კომახიძე