რა ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპანტებს თავდაცვის სამინისტროდან?
17:35:55     07-12-2012
თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ავალიანმა საზოგადოებას „სკანდალური" ინფორმაცია აცნობა. მისი განცხადებით, ე.წ. „ავტომატების“ საქმეს „გრიფი საიდუმლო“ მოეხსნა. ავალიანმა განმარტა, რომ ავტომატები, ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ძვირად შეიძინეს.
„გახმაურებულ „ავტომატების საქმეს“ გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმების შედეგად გაირკვა, ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდში სამხედრო უწყებამ გასული საუკუნის შუა პერიოდში წარმოებული მეორადი, გადაღებილი და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული AK- 47 და AKS-74 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა.
დოკუმენტების თანახმად, 1 ავტომატში 290 ევროა გადახდილი. ამ ავტომატური იარაღის საბაზრო ღირებულება კი 50 ევროს არ აღემატება. სამინისტროს მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შედეგად მიღებული მილიონობით ლარი ოფშორულ ზონებში ირიცხებოდა და შედეგად საქართველო მოძველებულ ტექნიკას იღებდა.
სამხედრო უწყების მიერ წარსულში შეძენელი მეორადი იარაღის საქმეზე თავდაცვის სამინიტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა. დეტალები ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა და გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ გააცნო. საქმე გამოძიებისათვის პროკურატურას გადაეცემა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრი პირადი შურისძიებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებას იყენებს?
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ე.წ. „ავტომატების“ საქმეში არანაირი კორუფციული გარიგება არ არსებობს. მეტიც: საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ამ შეთანხმების თანახმად, ავტომატების გარდა, დამატებითი შეიარაღება შეისყიდა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდას ემსახურება.
მართალია, ოფიციალურ შეთანხმებაში, ერთი ერთეული ავტომატის ღირებულება საბაზროზე მეტი იყო, თუმცა, რეალურად, თავდაცვის სამინისტრომ ერთი ავტომატი ბევრად ნაკლებ ფასად იყიდა.
დანარჩენი თანხით კი, სხვა სახის შეიარაღება შეიძინა (ხელშეკრულებაში ერთი ავტომატის ფასი 290 ევროდ განისაზღვრა)... ეს იმიტომ მოხდა, რომ ინფორმაცია, საიდუმლო შესყიდვების შესახებ არ გამჟღავნებულიყო (თუ დამატებით რა სახის იარაღი შევისყიდეთ)...
თუმცა, ალასანიამ, პირადი შურისძიებისათვის (მან ვერ აიტანა ზუგდიდის წაგება), ფაქტობრივად, სახელმწიფო საიდუმლოება გამოიყენა, „ავტომატების“ საქმეს „გრიფი საიდუმლო“ მოხსნა და მისი მრჩევლის პირით საზოგადოებას აცნობა, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას.
გუშინვე, ინფორმაცია, თითქოსდა ერთ ავტომატში 290 ევროს გადახდის შესახებ, ცნობილი გახდა რუსი ოკუპანტებისთვის. იმდენად მიამიტი არავინაა - დაიჯეროს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 50 ევროიან ავტომატში მართლაც 290 ევრო გადაიხადა.
შესაბამისად, ალასანიას მრჩევლის მიერ გამჟღავნებული საიდუმლო ინფორმაციის გაშიფვრა რუს ოკუპანტებს არ გაუჭირდებოდათ. კრემლმა, ავალიანიას გუშინდელი განცხადებით, ფაქტობრივად შეიტყო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ავტომატების გარდა, კიდევ სხვა სახის შეიარაღება შეიძინა.
ამიტომ, გასაკვირი არ იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადება იმის აშესახებ, რომ „ავტომატების“ საქმისთვის „გრიფი საიდუმლოს“ მოხსნა შეცდომა იყო. „ვწუხვარ, რომ ახალმა ხელისუფლებამ საიდუმლო გაამჟღავნა“, - განაცხადა ახალაიამ...
თუ გაეროში რუსეთის ელჩის - ჩურკინის მეგობარ ალასანიას და ზოგადად, ახალ ხელისუფლებას ახალაიასთვის ბრალის დამძიმება სურდათ, ხოლო „ავტომატების“ საქმეში მართლაც კორუფციული გარიგება იკვეთებოდა, ეს „გრიფი საიდუმლოს“ მოხსნის გარეშეც შეეძლოთ... თუმცა, ალასანიამ, საიდუმლოს შენახვას, მისი გამჟღავნება არჩია...
P.S: თავდაცვის სამინისტროში არ აკეთებენ კომენტარს იმის შესახებ თუ რატომ მოიხსნა „ავტომატების“ საქმესთან დაკავშირებით „გრიფი საიდუმლო“. ავალიანმა მხოლოდ „რკინისებური“ არგუმენტი მოიყვანა და აღნიშნა, რომ „გრიფი საიდუმლო“ ამ საქმეს საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მოხსნეს.
1. როგორ დაადგინა მინისტრის მრჩეველმა, რა აინტერესებს საზოგადოებას და რა - არა (იქნებ ეს ინფორმაცია კრემლს უფრო აინტერესებს).
2. ასეც რომ იყოს, თქვე დალოცვილებო, თუ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებაა და მისი გავრცელება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს დააზარალებს, „პირი უნდა მოაღოთ“?
3. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება, სახელმწიფო მოხელის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად დასჯადი ქმედება და სისხლის სამართლის დანაშაულია...