
„ვაშინგტონ პოსტი“ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს (ვიდეო)
10:37:27     29-11-2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭოს დადანაშაულებამ მიკერძოებულობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მოაზროვნე ნაწილიც კი შოკში ჩააგდო, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც „ვაშინგტონ პოსტის“ ფბ-გვერდ „შეესივნენ“ და რედაქცია „ცეკა-ს მდივნებივით საუბარში“ დაადანაშაულეს, აშშ-ებს კი „ერთი ადგილის დაყენება“ ურჩიეს. მოკლედ, „ფეისბუქზე“ „ვაშინგტონ პოსტის“ ოფიციალურ გვერდზე ზუსტად ის განმეორდა, რაც ერთხელ უკვე ვიხილეთ ნატოს გენმდივნის ოფიციალურ გვერდზე. მაშინ ანდერს ფოგ რასმუსენმა ქართველებს ხუმრობით ისიც კი სთხოვა, გამოხატვის სრული თავისუფლების მომხრე კი ვარ, მაგრამ ოფიციალური ენებიდან რომელიმეზე წერეთ, ქართულად კითხვა არ მეხერხებაო...
როცა ბიძინა ივანიშვილმა იკითხა, სტატიის ავტორი ვინ არისო, „ფეისბუქზე“ მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ოფიციალურ გვერდს „ფეისბუქზე“ მილიარდერის ტროლები შეესეოდნენ. ეს ვარაუდი დადასტურდა . თუმცა, საინტერესო ის გახლავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას „ვაშინგტონ პოსტი“ საკმაოდ სწრაფად გამოეხმაურა. ჯერ ვნახოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ციტატის სრული ვერსია, როცა ის „ვაშინგტონ პოსტზე“ საუბრობს, მერე კი ვნახოთ, რას პასუხობს მსოფლიო გაზეთების ფლაგმანი „ექსცენტრიულ მილიარდერს“:
ბიძინა ივანიშვილი:
"საოცარია, როგორ დაიბეჭდა ასეთი წერილი. ჩვენი პრეზიდენტი ამას აკეთებს და ეს სისტემა აწყობილი აქვთ. იბეჭდება რაღაც გაურკვეველი წერილები და იქაც ჩვენ გავაკეთებთ რეაქციას. მოხდება მათთან დაკავშირება. ჩვენ „ვაშინგტონ პოსტი“ არ გვეპატიჟება, გვეპატიჟება ამერიკის ხელისუფლება.
გაზეთს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ იქაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ობიექტურობას, მე დასკვნას არ გავაკეთებ და თუ ამის მსგავსი მცდელობაა გაზეთის მხრიდან, რეაგირებას გავაკეთებთ, დავუკავშირდებით და მოვთხოვთ პასუხს, რის საფუძველზე გააკეთა ეს დასკვნები. მარტო სააკაშვილმა უკარნახა, თუ კიდევ ეხმარებოდა ვინმე, მაგალითად მრჩეველი ჰყავს, გლუკსმანი, ასეთ საკითხებით არის დაკავებული.
ეს არის მაგათი პრინციპების კოჰაბიტაცია, ჩვენზე პასკვილები, ასე თანამშრომლობენ ახალ ხელისუფლებასთან, ამ დროს ჩვენ გვიგეგმავენ წითელი ხაზები გავავლოთ", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დაამატა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ში ყოფნის დროს (მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში გუშინ გაფრინდა) ამ საკითხშიც გაერკვევა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ოფიციალურმა პირებმა საქართველოს პრემიერს, მისივე საყვარელი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, „მყისიერად“ უპასუხეს:
"საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭო მისი დაუძინებელი მტრის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულა, შეეხო რა გაზეთის სარედაქციო წერილს, სადაც გაკრიტიკებული იყო ახალი ხელისუფლების მხრიდან ყოფილი ჩინოვნიკების მასობრივი დაკავებები." - ციტატის ავტორი: ჯოშ როგინი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე წერს. მისი სვეტი „ვაშინგტონ პოსტში“ კვირაში ორჯერ იბეჭდება. (წყარო)
და კიდევ ერთი ოფიციალური კომენტარი:
"ჩვენ ბოლო დროს არანაირი კონტაქტი არ გვქონია პრეზიდენტ სააკაშვილთან და მას არანაირი წვლილი არ შეუტანია სარედაქციო წერილში.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩვენ მასთან შეხვედრა, მისივე თხოვნით, მიმდინარე კვირას ვაშინგტონში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სარედაქციო წერილის გამოქვეყნებამდე დავგეგმეთ". - ციტატის ავტორი: Washington Post-ის სპიკერი კრის კორატი.
როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...