
თეა წულუკიანი დაჭერების მორიგ სერიას აანონსებს
12:14:25     28-11-2012
დასავლურ პრესაში გამოჩენილი კრიტიკული წერილების, დასავლეთის ქვეყნების არაერთი ტელევიზიის მიერ მომზადებული კრიტიკული სიუჟეტის მიუხედავად, საქართველოს ახალი ხელისუფლება აგრძელებს პოლტიკურ ოპონენტთა დაკავებებსა და ახალი დაკავებათა სერიის დაანონსებას.
ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დაპატიმრების პროცესში.
„მომავალ დღეებში სისხლის სამართლის საქმეები კიდევ რამდენიმე ძველი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აღიძვრება“, - თქვა თეა წულუკიანმა "მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას. მისი განცხადებით, იმუნიტეტით ვერ ისარგებლებს ვერავინ იმის გამო, რომ იყო ან არის პოლიტიკაში.
"წარსულში ან ამჟამად თანამდებობაზე მყოფი ადამიანი ვერ ისარგებლებს იმუნიტეტით მარტო იმიტომ, რომ იყო ან არის პოლიტიკაში. სირცხვილია, ყოფილი მაღალჩინოსანი კაცები წუწუნებდნენ იმაზე, რომ სისხლის სამართლებრივი წესით კითხვებს უსვამდნენ და იძახდნენ, რომ არ შევეხოთ, რადგან პოლიტიკაში იყვნენ. ეს არის ადამიანურად სირცხვილი, სამართლებრივად კი გაუმართლებელი. პოლიტიკაში ყოფნა არავისთვის არ იქნება იმუნიტეტი", - აღნიშნა წულუკიანმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ქვეყანაში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს, ისინი პასუხს საკუთარი წარსულის გამო აგებენ.