
Geo Internet Media Group-ის განცხადება
22:03:51     27-11-2012
როგორც ცნობილი გახდა, ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა ფინანსთა სამინისტროში 2012 წლის 20 ნოემბერს ჩატარებული კრების ოქმი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტრო "რუსთავი2"-ის დავალიანების საკითხს შეისწავლის.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოგვიანებით განმარტა, საქმე ეხება ყოფილი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა თანახმადაც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს დავალიანებები ჩამოეჭრათ. ბატონი მინისტრი აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არ იხდიდა „რუსთავი2“ გადასახადებს.
Geo Internet Media Group, რომელშიც შედის გამოცემები: droni.ge; presa.ge; people.ge; itv.ge ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების სახით საქმე გვაქვს თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ისეთ ფორმასთან, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს უკვე განხორციელდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ზე, თუმცა, საზოგადოების მხრიდან კომპანიის მხარდაჭერის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა უკან დაეხია.
Geo Internet Media Group ცალსახად უცხადებს მხარდაჭერას ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს და თავისი მრავალმილიონიანი აუდიტორიის საყურადღებოდ აცხადებს, რომ როგორც ადრე, არც ახლა დაიშურებს ძალისხმევას, გამოავლინოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენელთა რეალური მიზანი - აკონტროლონ საქართველოში ყველაფერი, მათ შორის თავისუფალი მედია.