მობოლშევიკო-მოტირანო ივანიშვილის მორიგი მსხვერპლი - ვანო მერაბიშვილი

  14:21:53     24-11-2012

ივანიშვილი რევანშისტურ პოლიტიკას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ, მან ნაციონალურ მოძრაობას, რიტორიკის შეცვლის სანაცვლოდ პროკურატურასთან გრძელი რიგების შეჩერება და დაჭერების შეწყვეტა შესთავაზა. 

ოლიგარქმა, ფაქტობრივად, ყოფილი მმართველი პარტია დააშანტაჟა და განაცხადა, რომ თუ ნაციონალები მის კრიტიკას არ მოეშვებიან, დაჭერებს გააგრძელებს.

იმავე დღეს, ივანიშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა. შს ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის მუქარის არ ეშინიათ. მეტიც, მერაბიშვილმა ოლიგარქს თავად ურჩია რიტორიკის შეცვლა.

შერჩევითი სამართალი

როგორც ჩანს, ბოღმიანმა, რუსეთში გამობრძმედილმა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შურისძიება დაგეგმა და მასზე, ე.წ. კომპრომატების შეგროვება ირაკლი ღარიბაშვილს დაავალა.

ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტროში დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა, რომელიც შს სამინისტროდან ხალხს პოლიტიკური მოტივით აგდებს, მათ შორის ორსულ ქალბატონებსაც, მოადგილის, „მიუნჰაუზერ“ ნაცვლიშვილის დახმარებით, მერაბიშვილის შესახებ აბსოლუტურად სულელური, ე.წ. „კომპრომატები“ „აღმოაჩინა“.

შს სამინისტროს ახალმა „მოგელაძემ“, ნინო გიორგობიანმა კი, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა შს მინისტრობის დროს გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. მისი მტკიცებით, მერაბიშვილმა მოჩვენებით შეუწყვიტა უფლებამოსილება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს, დათა ახალაიასა და გენერალური ინსპექციის უფროსს, ვასილ სანოძეს.

გიორგობიანი, რომელიც უკვე იქცა ღარიბაშვილ-ნაცვლიშვილის „მეგაფონად“, აცხადებს, რომ მასალები, შს ყოფილი მინისტრის შესახებ დღესვე გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას. თუმცა, მან, თავადვე დაამატა, რომ ახალაია-სანოძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არსებობს მინისტრის ოფიციალური ბრძანებაც. 

საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების პერიოდს, როცა, შს მინისტრმა, გამოძიების დასრულებამდე, უფლებამოსილება შეუჩერა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორსა და შს სამინისტროს გენ-ინსპექციის ხელმძღვანელს. 

P.S: მიუხედავად ევროპელი და ამერიკელი ლიდერების მოწოდებისა, ოლიგარქი ჭორვილიდან, პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს აგრძელებს. მისთვის მთავარი საკუთარი პატივმოყვარეობის, დიქტატორული სურვილების დაკმაყოფილებაა და არა საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე.

ამიტომ, ახალი ხელისუფლების ეს მობოლშევიკო-მოტირანო ბელადი, ხალხს, წინასაარჩევნო დაპირებების ნაცვლად, ბინძურ, რევანშისტურ პოლიტიკასა და შერჩევით სამართალს სთავაზობს. ის, პირადად აძლევს დირექტივებს შს, იუსტიციის მინისტრებსა და მთავარ პროკურორს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ - არა.