ივანიშვილი მიდიოდა, მაგრამ აღარ მიდის... (ორი ბიძინა)

  13:16:48     22-11-2012

ივანიშვილს ხალხი ბრბო ჰგონია. ბრბო, რომელმაც ყოველ დღე ხელები მაღლა უნდა აღაპყროს და მადლობა შესწიროს ღმერთს - ასეთი დიდი, დემოკრატი, სამართლიანი და „სუფთა წარსულის მქონე“ არქიფო რომ მოუვლინა პრემიერ მინისტრად. 

„2014 წლის გაზაფხულზე დავტოვებ პრემიერ მინისტრის პოსტს და წავალ პოლიტიკიდან“, - განაცხადა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას. ოლიგარქმა, მანამდეც ბევრჯერ გაიმეორა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელიწადში პოლიტიკიდან წავა, თუმცა...

დღეს, საზოგადოებამ მოულოდნელად შეიტყო რომ ოლიგარქი არსად წასვლას არ აპირებს. „თუ დანაპირები ვერ შევასრულეთ, დავრჩები, არსადაც არ წავალ და შემდგომი არჩევნებისთვის ვიბრძოლებ“, - თქვა ივანიშვილმა.

რა არის „ქართული ოცნების“ დანაპირები? პენსიების 230 ლარამდე გაზრდა, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფის შემცირება (მესამედ ფასამდე), საბანკო საპროცენტო განაკვეთების 2-3 პროცენტამდე დაწევა (სრული აბსურდი), მილიარდი ლარის ინვესტირება სოფლის მეურნეობაში...

შესაძლებელია თუ არა, წელიწადნახევარში, ამ დაპირებების შესრულება? წელიწადნახევარში „ოცნების“ დაპირებები სრულად რომ ვერ შესრულდება, ამას ივანიშვილიც აღიარებს.

„შეიძლება მოვახერხოთ ტარიფების შემცირება, მაგრამ განახევრება ვერ მოხერხდება“, - თქვა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. ამ განცხადებით, ოლიგარქმა ოფიციალურად აღიარა, რომ მის მთავარ დანაპირებს (ტარიფების მესამედ ფასამდე შემცირება) ვერც წელიწადნახევარში და ვერც ვერასდროს ვერ შეასრულებს. 

რა გამოდის? ივანიშვილი წელიწადნახევარში წავსლას „გადაიფიქრებს“, რასაც დანაპირების შეუსრულებლობით „გააპრავებს“ (მიზეზად ათას ბარიერს, მათ შორის „სამართლიანობის აღდგენას“ დაასახელებს) და შესაძლოა იქამდეც მოისურვოს დარჩენა, ვიდრე თავის მთავარ ოცნებას არ აიხდენს - 120 წლიანი სიცოცხლის შესახებ...