ბაროზოსა და რასმუსენის შემდეგ „შერჩევით სამართალზე“ გორდონიც საუბრობს

  14:10:53     17-11-2012

ივანიშვილის ხელისუფლებას, „შერჩევითი სამართლის“ გამო, ამჯერად ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ გორდონი აკრიტიკებს. გორდონი საქართველოსი გუშინ ჩამოვიდა და უკვე შეხვდა: დავით ბაქრაძეს, დავით უსუფაშვილს, ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძესა და ბიძინა ივანიშვილს. 

სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ვიზიტს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრით დაასრულებს.

"მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. ორ დღეში არაერთი შეხვედრა გავმართე. შევხვდი როგორც ამჟამინდელ, ისე პარლამენტის ყოფილ სპიკერს.

პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის, ასევე საგარეო საქმეთა მინსიტრს. უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენელს და ვაპირებ, რომ სანამ ქვეყანას დავტოვებ, უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შევხვდე.

მე მათ ვუთხარი, რომ ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის და აღვნიშნე, რომ ის სამაგალითო იქნება სხვა ქვეყნებისთვის. აღვნიშნე თქვენი ქვეყნისთვის მისი უპრეცენდენტობაც და ვთქვი, რომ ის სანიმუშო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის", - განაცხადა ფილიპ გორდონმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

"მტკიცედ მოვუწოდე ორივე მხარეს იყვნენ პრაგმატულები ერთმანეთთან ურთიერთობაში, რაც განსაკუთრებით ეხება ისეთ სენსიტიურ საკითხს, როგორიცაა დაპატიმრებები, რომელსაც ბოლო დღეებში აქვს ადგილი.

გავუსვით ხაზი იმას, რომ საქართველოში იყოს კანონის უზენაესობა – ნებისმიერ ადამიანს, თუ ის დამნაშავეა ბრალი უნდა წაეყენოს და მანამდე გამოძიება სრულად უნდა იქნეს ჩატარებული.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის მიმართ სამართლებრივი პროცესის გამჭვირვალობა ვინც არის ეჭვის და ბრალდების ქვეშ. შერჩევითი სამართალი არავის ინტერესებში არ არის", - დასძენს ჰილარი კლინტონის მოადგილე.

მნიშვნელოვანი დეტალი: ივანიშვილს, გორდონთან შეხვედრის შემდეგ, მოუწია ეღიარებინა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მასთან კრიტიკული საუბარი ჰქონდა.

ივანიშვილი, ევროპაში მისი პირველი ვიზიტის დროს მწვავედ გააკრიტიკეს ბაროზომ და რასმუსენმაც. მეტიც, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ხაზგასმით იყო საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს ახორციელებს და „შერჩევითი სამართლის“ პრინციპებით მოქმედებს.