ივანიშვილის სახიფათო „აბაროტი“...

  15:21:23     13-11-2012

ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებებს საქართველოს ახალი ხელისუფლების შესახებ, „მეოცნებეთა“ აგრესია მოჰყვა. 

„მეოცნებეებმა“, რასმუსენის მოწოდება, შეწყვიტოს ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასეს. 

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ივანიშვილის ტელევიზიები: „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ ტირაჟირებას უკეთებდნენ ნატოსა და მისი გენერალური მდივნის საწინააღმდეგო მოწოდებებს.

მეტიც, რასმუსენის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდო ათეულობით შეურაცხმყოფელი კომენტარი. „მეოცნებეები“, თავიანთ კომენტარებში ნატოსა და რასმუსენის მიმართ ზიზღს ვერ მალავდნენ.

თუმცა, რასმუსენის განცხადებები ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, ფაქტობრივად, არაფერია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზულუციასთან შედარებით.

'ვაფასებთ რა ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს როგორც ლაკმუსის ქაღალდს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ვაძლევთ რა მაღალ შეფასებას იმას, რომ ამ ქვეყანაში პირველად მოხდა არჩევნების შედეგად ძალაუფლების გადაცემა,მოვუწოდებთ საქართველოს ახალ პარლამენტს და მთავრობას და მოქმედ პრეზიდენტს განაგრძონ რეფორმები, პროგრამები და უზრუნველყონ ეფექტური თანაარსებობა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

გამოვხატავთ შეშფოთებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე და განსაკუთრებით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო და მოვუწოდებთ საქართველოს ახალ მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან.

მოვუწოდებთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ნატოს წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს და პარლამენტებს, ბუქარესტის და ჩიკაგოს სამიტების გადაწყვეტილებების შესაბამისად და მისი დემოკრატიული პროგრესის აღსაღნიშნად, მის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებზე უფრო ყოვლისმომცველი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, მიიწვიონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში კიდევ ერთი ნაბიჯის გასაკეთებლად და განიხილონ მისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი', - ვკითხულობთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

როგორ პასუხობს ივანიშვილის მთავრობა ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას?

მიუხედავად იმისა, რომ ნატომ, ივანიშვილის მთავრობა, სერიოზულად გააკრიტიკა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საზოგადოებრივ მაუწყებლზე განხორციელებული ზეწოლის გამო, ოლიგარქის პირადი პროკურორი კბილაშვილი გენ-შტაბის უფროსის, გენარალ გიორგი კალანდაძის ხელახალ დაპატიმრებას მაინც ითხოვს.

მან, გუშინვე, 2008 წლის ომის გმირს ბრალი დაუმძიმა. ბრალდების მიხედვით, კალანდაძემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ 19 ჯარისკაცი იძულების წესით ავარჯიშეს და „აბანოში“ ჩაკეტეს.

ფაქტია, რომ ივანიშვილი კვლავ აგრძელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დემორალიზებასა და პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებს ქართულ არმიაში. ოლიგარქი, ჯერჯერობით, ნატოზე ღიად გალაშქრებას ვერ ბედავს. თუმცა, მისი მიზანი მარტივია:

1. თუ ქართული არმიის დისკრედიტაცია მოხდება, შესაბამისად, ნატოს კარი, საქართველოსთვის კიდევ უფრო დიდი ხნით დაიკეტება.

2. ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭებით, ოლიგარქი კრემლის ინტერესებს ბევრად ადვილად გაატარებს.

პრორუსმა ივანიშვილმა, პირველი გამარჯვება უკვე მოიპოვა - ნატოს სამხედრო საბჭოს საქართველოში ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

წყაროს სანახავად გადადით ამ ბმულზე