გიგა ბოკერია ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

  16:52:37     07-11-2012

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, 2008 წლის ომის გმირის, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძისა და მე-4 ბრიგადის მეთაურის დაკავებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა ეროვნული უშიშროების მდივანმა, გიგა ბოკერიამ. 

"ბაჩო ახალაიას, 2008 წლის ომის გმირის, გიორგი კალანდაძისა და მე-4 ბრიგადის მეთაურის დაკავება არის საგანგაშო სიგნალი! ერთადერთი სამართლებრივი საკითხი, რომელმაც შესაძლოა ოდნავ შეამსუბუქოს ვითარება, არის ამ პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება!", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

"სახეზეა ყველა ნიშანი პროკურატურის პოლიტ ამოცანისთვის გამოყენებისა, პოლიტ ანგარიშსწორებისა. კალანდაძის შემთხვევაში, ჩვენ სახეზე გვქონდა ღიად გაცხადებული ამოცანა ახალი მთავრობისა, რომ ის უნდა ჩანაცვლებულიყო ბატონი კაპანაძით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება.

ამაზე როცა უარი მიიღეს, ვნახეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის მეშვეობით მოხდა 2008 წლის გმირის ჩამოცილება და დაკავება. ბატონი ახალაის შემთხვევაში, ეს ადამიანი თვითონ ჩამოვიდა საქართველოში, თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში.

არანაირი საფუძველი ამ ადამიანების დაკავებისა, არ არსებობდა. ამ ნაბიჯებმა საქართველოს უკვე მიაყენა დარტყმა ქვეყნის შიგნით - დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით და ქვეყნის გარეთ - რეპუტაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მომავალი ნატოს სამიტის კონტექტსში.

ვიმეორებ, ერთადერთი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეამსუბუქოს ბრალეულობა ახალი ხელსიუფლებისა, ოდნავ მაინც, ეს არის ყველა ამ პირის დაუყოვნებელი გათავისუფლება", აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი.

იხილეთ წყარო, გადადით ამ ბმულზე