პოლიტიკური დევნა და ივანიშვილ-ალასანიას პირველი მსხვერპლი

  12:59:09     07-11-2012

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძისა და მე-4 ბრიგადის მეთაურის - შამათავას დაკავებას პოლტიკურ დევნად მიიჩნევენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები. 

პროკურორ კბილაშვილის მტკიცებით, ახალაია, კალანდაძე და შამათავა ეჭვმიტანილები არიან ჯარისკაცების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. თუმცა, მათ ამ დრომდე, ბრალი არ წაყენებიათ. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრების აზრით, ახალაია ივანიშვილ-ალასანიას პირადი პატიმარია. „ალასანიამ ვერ აიტანა სამარცხვინო დამარცხება ზუგდიდში, როლანდ ახალაიასთან და შური იძია“, - აცხადებენ დეპუტატები.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით პირადად მას აქვს კითხვები და ეჭვები. კერძოდ, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა ბაჩო ახალაიას დაკავება პროკურატურაში პირველივე დაბარებისას, როდესაც ის საკუთარი ფეხით დაბრუნდა საქართველოში და მზაობა გამოაცხადა ეთანამშრომლა გამოძიებასთან. მისივე თქმით, გაუგებარია ბრალდების შინაარსიც. "როგორც ჩანს, ბრალდების მხარე მოუმზადებელი იყო", - აცხადებს დავით ბაქრაძე.

"ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი ნაწილი არ გააჩნია, ჩვენ ვნახეთ - ბაჩო ახალაია დაბრუნდა საქართველოში, მან გააკეთა განცხადება და გამოთქვა მზაობა, გაეცა ყველა კითხვისთვის პასუხი და სწორედ ამ განცხადებიდან ერთი დღის განმავლობაში შეიკერა საქმე და ახლა მიმდინარეობს ფაქტების მოძიება.  ეს ადამიანი დაკავებულია სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, რაც სასაცილოა", - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.

"ბაჩო ახალაია საქართველოში ჩამოვიდა საკუთარი ფეხით. ჩვენ მოვისმინეთ მთავარი პროკურორისგან, რომ ის დაბარებულია მოწმის სტატუსით და დააკავეს მოწმე.

როგორც ჩანს, ახალი სამართლებრივი ფორმა გამოიგონეს. მას ბრალი არ წაყენებია და ალბათ, ახლა ფიქრობენ, თუ როგორ შექმნან მისი ბრალეულობა სამართლებრივი თვალსაზრისით", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

"ეს ნიშნავს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დაწყებას და იმ მოთხოვნების შესრულებას, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ხელისუფლებიდან მოდის", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

„ბაჩო ახალაია ივანიშვილისა და ალასანიას პირადი პატიმარია. მას აბსურდული ბგრალდება წაუყენეს. თუ ის დამნაშავეა, მაშინ მეც დამნაშავე ვარ და მეც დამიჭირონ“ - აცხადებს აკო მინაშვილი.

ახალაიას ადვოკატის განცხადებით, გამომძიებლების ერთ-ერთი კითხვა ასე იყო ფორმულირებული: მართლა თლიდა თუ არა ვაშლს ბაჩო ახალაია ჯარისკაცების სამსახურიდან გათავისუფლების დროს.