
ივანიშვილის შურისძიებას შეწირული სახელმწიფო ინტერესები (მადლობა „ფე-ეს-ბე“-ს)
16:50:48     06-11-2012
ივანიშვილის მთავრობის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე შევიდა. პროექტის მიხედვით, 40 მილიონი ლარით შემცრიდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსება 10 მილიონი ლარით განისაზღვრა.
ეს მაშინ, როცა პრემიერ მინისტრის სარეზერვო ფონდის დაფინანსება უცვლელი დარჩა და კვლავ 50 მილიონით დაფინანსდება.
ხადურ-ივანიშვილის მიერ შედგენილი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მკვეთრად შეიზღუდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დაფინანსებაც. თუ 2012 წელს, უშიშროების საბჭო 24 მილიონ 784 ათასი ლარით ფინანსდებოდა, 2013 წელს, ბოკერიას უწყება ერთი მილიონ 800 ათასით დაფინანსდება.
ახალი ბიუჯეტის პროექტით, შემცირებულია დაფინანსება რეგიონებშიც. რეგიონალური პროექტების ფონდი, რომლებსაც პრეზიდენტის რწმუნებულები განკარგავენ, ფაქტობრივად, დაფინანსების გარეშე დარჩა.
ივანიშვილმა შური იძია საზოგადოებრივ მაუწყებელზეც. პირველი არხის დაფინანსება თითქმის განახევრდა.
ფინანსური დივერსია
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „სეკვესტრი“ შეეხო ყველა იმ უწყებას, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი აკონტროლებს ან პრემიერ მინისტრს არ ექვემდებარება (პრეზიდენტის ფონდი, გუბერნიები, უშიშროების საბჭო, საზოგადოებრივი მაუწყებელი).
ექსპერტთა აზრით, პრემიერ მინისტრის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი პოლიტიკური სპეკულაციის კლასიკური ნიმუშია. ექსპერტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, უშიშროების საბჭოს, გუბერნიებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შემცირება, პოლიტიკური შურისძიების შემადგენელი ნაწილია.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პალიკო კუბლაშვილის შეფასებით, ახალი ბიუჯეტის პროექტი პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ბიუჯეტის პროექტის მიღების პროცესის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ
ანგარიშსწორებისთვის გამოყენება, არასწორი გზა და არჩევანია.
ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი შემცირებები, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის ინსტიტუტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, თვითმმართველობებსა და რეგიონებს, ცალსახად მიუთითებს, რომ მიღებულია პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები", - აცხადებს დეპუტატი.
ამ დროსთვის უცნობია გიგა ბოკერიას პოზიცია უშიშროების საბჭოსთვის ბიუჯეტის 24 მილიონ 784 ათასიდან მილიონ 800 ათასამდე შემცირების შესახებ.
თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, უშიშროების საბჭო, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მთავარი განმახორციელებელია ქვეყანაში, პრემიერ მინისტრისთვის პრიორიტეტი არ არის.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ლოგიკურიცაა. რაში სჭირდება ივანიშვილს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და უშიშროების საბჭოს ეფექტურად მუშაობა მაშინ, როცა უკვე ჰყავს შს მინისტრის მოადგილე, რომელიც რუსულ „ფე-ეს-ბე“-ს მორჩილ მადლობას სწირავს „საქართველოსთვის გაწეული ფასდაუდებელი დახმარების გამო“.
P.S: პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების შემცირების კვალდაკვალ, პრეზიდენტის სასახლის გარე-განათებაც გაითიშება. „იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ბიუჯეტის მიხედვით დაფინანსება შეუმცირდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მიგვემართა იძულებითი ღონისძიებებისათვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება (გარდა დაცვისათვის განკუთვნილი პერიმეტრისა, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებლობას წარმოადგენს), გამოგვერთო.
ძირითადი ხარჯები ეხება გარე განათებას, რაც თავის მხრივ, ჩვენი დედაქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა, მაგრამ ახალი ბიუჯეტის გამო, რაც ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ხარჯების შემცირებას, იძულებულები ვართ, განათება გამოვრთოთ“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.