არტურ რემბო - „მწვანე კაბარეში“

  13:57:35     31-10-2012

დიდი ფრანგი პოეტი ჟან ნიკოლა არტურ რემბო (Jean Nicolas Arthur Rimbaud) დაიბადა 1854 წლის 20 ოქტომბერს შარლევილში, საფრანგეთში. მამა, ფრედერიკ რემბო სამხედრო იყო, ალჟირში მსახურობდა. დედას მარი კატრინ ვიტალი კიუფი ერქვა. როცა მომავალი პოეტი 4 წლის იყო, მამა ოჯახიდან წავიდა. 

არტურ რემბო სწავლობდა შარლევილის ლიცეუმში. ის ითვლებოდა ბრწყინვალე მოწაფედ.  პირველი ლექსი 1870 წელს გამაქვეყნა, 16 წლის ასაკში. 

არტურ რემბო გარდაიცვალა 1891 წლის 10 ნოემბერს, მარსელში. დაკრძალულია შარლევილში.

მისი შემოქმედება ძალიან პოპულარული გახდა გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებით, XX საუკუნეში.

 

მწვანე კაბარეში

(თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ)

 

რვა დღის მანძილზე, ოღროჩოღრო გზაზე ყიალით

 გავცვითე ჩექმა. შარლერუას მწვანე კაბარეს

 შევაღე კარი: მიმტანს ვთხოვე კარაქიანი

 პური, და ოდნავ გრილი ლორიც თან დავაბარე.

 

 ფეხები მწვანე მაგიდის ქვეშ გავშალე მთვრალმა,

 თავშექცეულმა კედლის მდარე ხალიჩის ზვერვით…

 და რა საამო იყო წუთი, როდესაც ქალმა

 უზარმაზარი კერტებით და ცოცხალი მზერით,

 

 იმათთაგანმა, ვისაც კოცნა ვერ შეაშინებს,

 პირმომცინარემ, ფერადოვან სინით, მაშინვე,

 მომართვა პური კარაქით და შემთბარი ლორით,

 

 ვარდისფერ ლორით, შეკაზმული ნივრით. ფიალით

 დამისხა ლუდი დიდ კათხაში, სქელქაფიანი,

 მზის ბოლო სხივს რომ ირეკლავდა ოქროვან ქლორით..