იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

  12:38:00     27-10-2012

1840 წლის 15 (ახალი სტილით 27 ოქტომბერს) სოფელ ვარიანში, გორთან ახლოს, დაიბადა დიდი ქართველი მოღვაწე, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში, პუბლიცისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი.

დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა გორის, შემდეგ ტფილისის სასულიერო სასწავლებელში, 1855 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წლიდან კი კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად ისმენდა ლექციებს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. 1863 წელს ჯანმრთელობის გამო იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო.

1864 წელს იაკობ გოგებაშვილი დაინიშნა ტფილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად. 1868 წლიდან კი ინსპექტორად. 1874 წელს მოხსნეს სამსახურიდან, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, ის ხომ მთელი სულითა და გულით ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში იყო ჩართული, ილიასა და აკაკის მხარდამხარ. ამის შემდგომ აღარ შესულა სახელმწიფო სამსახურში.

იაკობ გოგებაშვილმა მთელი სიცოცხლე ეროვნულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას შესწირა. დიდია მისი დამსახურება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში...

წელს 1 (ახალი სტილით 14) ივნისს 100 წელი შესრულდა მისი გარდაცვალებიდან.

იაკობ გოგებაშვილი საუკუნეზე მეტია რაც თითოეული ქართვლისათვის მესამე მშობელივითაა, თითოეული ქართველის აღმზრდელია, პედაგოგია. მისი შედგენილი "დედა ენა" ჩვენი ცხოვრების აუცილებელი და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. სანამ საქართველო იარსებებს, იარსებებს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" და მისი ძვირფასი სახელი დიდი ილიასა და აკაკის სახელების გვერდით მოიხსენიება.

დაფასებაც არ აკლია ჩვენს დიდ მოღვაწეს. დაბადებიდან 100 წლის თავზე, 1940 წელს მისი ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს, მსოფლიოში ბევრს ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც წიგნისთვის ძეგლი დაედგათ. "დედა ენის" ძეგლი კი ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. თბილისში და სხვა ქალაქებში არსებობს გოგებაშვილის სახელობის ქუჩა და სხვა.

იაკობ გოგებაშვილისათვის პატარა მოწაფის აზროვნების განვითარება უმნიშვნელოვანესი გახლდათ. ამიტომ, განსაკუთრებულად ზრუნავდა ბავშვებს გაეცნოთ ბუნება, ცხოველთა და ფრინველთა სამყარო. იაკობ გოგებეშვილი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლა-განათლებაში შეგნებას, რომელიც მაგალითებით უნდა ჩამოყალიბებულიყო. ამიტომ ყმაწვილს კარგად უნდა სცოდნოდა თავისი ქვეყნის საამაყო ისტორია, მნიშვნელოვანი ამბები ქართველთა გმირული წარსულიდან. ამ საქმისათვის მის მიერ დაიწერა არა ერთი მოთხრობა. მისმა მწერლურმა ნიჭმა სადად, მარტივად და ემოციურად დაუხატა ქართველ მოწაფეებს ეპიზოდები დიდი გმირების, უბრალო ქართველებისა თუ ქართველი დედების ცხოვრებიდან.

განსაკუთრებულია მისი "იავნანამ რა ჰქმნა". მე ვიტყოდი, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, სადაც გახსნილია დიდი ფსიქოლოგიური საიდუმლო. ზიგმუნდ ფროიდი ვერ მოიფიქრებდა იმას, რაც შეუძლია ქართულ ენას, ქართულ სიმღერას, ქართულ კულტურას თუ მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოვლინებას, იავნანას ქართველი ადამიანისათვის.

როგორ წარუშლელად ილექება ბავშვობის ტკბილი და ბუნებრივი, მშობლიური მოგონებები ადამიანის არსებაში, როგორ შეიძლება მშობლიურმა ფესვებმა, კულტურამ, მშობლიურ, ბუნებრივ გარემოში დააბრუნოს არა ერთი ფსიქოლოგიური დარტყმით ტრამვირებული ფაქიზი ბუნება ადამიანისა, მით უმეტეს, ბავშვისა.

იაკობ გოგებაშვილი ძალიან კარგად ხედავდა და გადმოსცემდა ქართული პატრიოტიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, რითაც ნამდვილი, ბუნებრივი პატრიოტიზმი უნდა განსხვავდებოდეს შოვინიზმისაგან და იმპერიალიზმისაგან.

დიდი იაკობი წერდა: "ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთ ქვეყნის ბედნიერება. პრუსიის პატრიოტს ტრეიჩკეს რომ ჰკითხო, რასა სთვლი საჭიროდ გერმანიის ბედნიერებისთვისო, გიპასუხებს: დასავლეთით საფრანგეთის მიწასთან გასწორებას, სამხრეთით ავსტრიის წელში მოკაკვას და აღმოსავლეთით რუსეთის მიმსხვრევასაო. მეშჩერსკის, სუვორინს და კატკოვს რომ შეეკითხო, როგორი უნდა იყოს რუსის პატრიოტიო, გიპასუხებენ: იგი უნდა სჩაგრავდეს ყოველ სხვა ტომს, რუსებთან შემოერთებულსა, და გარედ უნდა ელტოდეს და ნატრულობდეს მთელს ევროპის გაქელვასაო. ჩინეთის პატრიოტები უფრო კიდევ მომეტებულს რასმე ნატრულობენ: მთელი კაცობრიობა ჩვენის ბაღდიხანის ქვეშევრდომი, უმორჩილესი მონა უნდა შეიქმნასო.

ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა. წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი. ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან”…(რჩეული თხზულებანი, ტ. 1, თბ. 1989, გვ. 235-236).

დიახ, შესანიშნავად აქვს ახსნილი დიდ იაკობს ქართული პატრიოტიზმის მამოძრავებელი ძალა და მიზანი. თვითონაც სწორედ ჭეშმარიტად დიდი ქართველი მამულიშვილი გახლდათ, რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია სამშობლოს და აგერ უკვე 100 წელია, გარდაცვლილიც ემსახურება მშობელ ხალხს. ასე იქნება მანამ, სანამ ქართული ენა იარსებებს, ქართული ენა და იაკობ გოგებაშვილი განუყოფელად დაუკავშირდა ერთმანეთს...