დუტუ მეგრელი - „სამშობლოს“

  13:01:26     26-10-2012

1867 წლის 26 ოქტომბერს სოფელ სუჯუნაში (დღევანდელი აბაშის რაიონი) დაიბადა დიმიტრი ხოშტარია, რომელსაც მთელი საქართველო დუტუ მეგრელის სახელით იცნობს. ყველა ქართველისათვის პატარაობიდანვე ნაცნობი და ახლობელია სახელი - დუტუ მეგრელი, ცნობილი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მისი მეუღლეც ცნობილია ქართველებისათვის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია. 

დიმიტრი ხოშტარიას მამა ადრე გარდაეცვალა. იგი სოფლის ღარიბი დიაკვანი იყო. ოჯახს უჭირდა და ამიტომ დიმიტრის დედა, შვილითურთ, ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში, ხარაგაულში. შემდეგ, შალვა დადიანის მამის, ნიკო დადიანის ოჯახს შეაფარა თავი. ამ ოჯახში ძალიან უყვარდათ ქართული მწერლობა, რამაც საკმაო გავლენა იქონია ობოლ დიმიტრი ხოშტარიაზე. 

მომავალი მწერალი სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. სხვადასხვა დროს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდნენ: კირილე ლორთქიფანიძე, მამია გურიელი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგი მესხი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, სილოვან ხუნდაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, იოსებ ოცხელი, კიტა აბაშიძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, კოლაუ ნადირაძე, სარგის კაკაბაძე, დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, დავით კაკაბაძე, ვლადიმერ მაიაკოვსკი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვ. 

ლექსების წერა გიმნაზიაში სწავლისას დაიწყო. მისი პირველი ლექსი 1888 წელს გამოქვეყნდა სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ „თეატრში”. 1891 წელს ქუთაისის კრებულში "ცდა", დუტუ მეგრელის ფსევდონიმით დაიბეჭდა მოთხრობა "შვილი და დედა". 

შემდეგ სახელმწიფო ხარჯზე იურისპრუდენციას სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში. ოდესაში სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მასაც მძიმე მატერიალური პირობები ჰქონდა. 

1892 წელს გამოვიდა მწერლის პირველი წიგნი "სურათები ჩვენი ცხოვრებიდან". 1893 წელს გამოიცა ლექსების კრებული "ცრემლები", რომელიც საზოგადოებამ და კრიტიკამ გულთბილად მიიღო. 

1893 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ სამუშაოზე ვერ მოეწყო და სამსახური დაიწყო გადასახადების ინსპექტორად და საგუბერნიო საქმეთა საკრებულოს წევრად, ყარის ოლქში და ერევნისა და განჯის გუბერნიებში. 

ქართველი მწერალი შეძლებისდაგვარად იცავდა ადგილობრივი მშრომელი მოსახლეობის ინტერესებს. ამის გამო სამსახურიდან კინაღამ დაითხოვეს. 

ამ პერიოდში, 1901 წელს შეიქმნა დუტუ მეგრელის პოპულარული ლექსი "პატარა ქართველი", რომელიც მალევე იქცა პატარა ქართვლებისათვის თვითშეგნებისა და თვითიდენტიფიკაციის შესანიშნავ ჰიმნად. ამ ბრწყინვალე ლექსში ჩანს ქართული მესიანიზმი - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა... ლექსი იმდენად გენიალურია, რომ ზოგიერთს მისი ავტორი აკაკი წერეთელი ეგონა. ის ხშირად შეჰქონდათ სასკოლო სახელმძღვანელოებში... ამ ლექსზე აღზრდილი ქართველები კვლავ სჭირდება კავკასიას... 

ლექსი „პატარა ქართველი“ და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია იაკობ გოგებაშვილის „დედაენაში“ და „ბუნების კარში“. "ქინაქინა" შესულია "ქართულ საყმაწვილო მოთხრობაში" და სხვა. 

ვისაც წაუკითხავს "ქინაქინა", არ შეიძლება გულგრილი დარჩენილიყო. 

1917 წელს დიმიტრი ხოშტარია საცხოვრებლად გადმოდის თბილისში. მუშაობას იწყებს საგანგებო საქმეთა მოხელედ, განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. 

შემდეგ მსახურობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამართლოს წევრად. ამ პეროდში დუტუ მეგრელის მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მიხეილ ხოშტარიამ სამსახური დაიწყო განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, საფინანსო კომისარიატში. შემდეგ გადაიყვანეს უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად. 

მწერალი მოთხრობებისა და ლექსების პარალელურად წერდა პოემებს და პიესებს. აქვეყნებდა პუბლიცისტურ და თეორიული ხასიათის წერილებს ლიტერატურაზე. ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დუტუ მეგრელმა ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა დეკადენტიზმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მთელს მსოფლიოში პოპულარული იყო. დუტუ მეგრელი ცდილობდა აეხსნა რეალისტური შემოქმედების ხასიათი და მნიშვნელობა. მისთვის მიუღებელი იყო ფორმალიზმი და ნატურალიზმიც. ის ორივე უკიდურესობას აკრიტიკებდა, რომელიც მოძალებულიყო იმ დროს ხელოვნებაში. 

დუტუ მეგრელი გარდაიცვალა 1938 წელს. დაკრძალული იყო ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

გავიხსენოთ მისი ლექსები „სამშობლოს“ და „პატარა ქართველი“.

 

სამშობლოს

 

მაშ ასე, ჩემო სამშობლოვ,

უნდა მოგშორდე, ეს არი

და სხვაგან გადავიხვეწო,

მარადის შენთვის მკვნესარი!

მშვიდობით!.. მაგრამ განა მე

მარტო ხორცით არ გშორდები?

გონებით, გრძნობით და ფიქრით

ისევ შენთან არ ვიქნები?

განა თუნდ ცხრა მთას გადაღმაც

ვერ ვიგრძნობ შენსა ტკივილსა;

ვერ გავიგონებ შენს ოხვრას,

ტირილს და მოთქმა-ჩივილსა?

კი, მაგრამ, ჩემო ძვირფასო,

მეყო, რაც სხვაგან ვიყავი;

მენატრებდა აწ მაინც

სულ შენთან ყოფილვიყავი,

რომ შენთვის შემომეწირა

მთლად ჩემი ღონე და ძალა;

მოყვარე მეხარებია

მტრისთვის მესმია სამსალა;

მაგრამ, ვაი, რომ უბედურს

არ შემისრულდა სურვილი!..

მშვიდობით... უნდა, კვლავ გულში

ჩავიკლა ჩემი წყურვილი...

 

პატარა ქართველი

 

მე პატარა ქართველი ვარ,

კავკასიის მთების შვილი,

და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი!

 

ქართლ-კახეთი, იმერეთი,

გურია და სამეგრელო –

ყველა ჩემი სამშობლოა,

საყვარელი საქართველო.

 

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა

ღვთის მშობლისა არის წილი;

ბევრ მწარე დღეს მოსწრებია

და უნახავს ბევრიც ტკბილი.

 

ხან თუ მტერი აოხრებდა,

იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,

ბრწყინვალე დროც დასდგომია,

დრო დავითის და თამარის!..

 

მე პატარა ქართველი ვარ,

სახელოვან ერის შვილი

და მსურს მერგოს სასახელო

მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..