ფრიდრიჰ ნიცშე

  17:17:51     25-10-2012

1844 წლის 15 ოქტომბერს პრუსიაში დაიბადა დიდი მოაზროვნე, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი, ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე. 

1864-1869 წლებში შეისწავლიდა კლასიკურ ფილოლოგიას და თეოლოგიას ბონისა და ლაიპციგის უნივერსიტეტებში. ითვლებოდა ბრწყინვალე სტუდენტად. იმ პერიოდში გაეცნო შოპენჰაუერის ნაშრომებს და გაიტაცა მისმა ნააზრევმა. წერდა მუსიკას, თუმცა 29 წლის ასაკში თავი დაანება. 

სამეცნიერო წრეებში კარგი სახელი ჰქონდა, მიუხედავად ახალგაზრდობისა. 1869 წელს, 25 წლის ასაკში მიიწვიეს ბაზელის უნივერსიტეტში პროფესორად. მონაწილეობდა საფრანგეთ-პრუსიის ომში, 1870-1871 წლებში. 

ჯანმრთელობის გაუარესების გამო 1879 წელს სამსახური მიატოვა. ცხოვრობდა სიღარიბეში. უნივერსიტეტი უხდიდა პენსიას. ხანდახან მეგობრები ეხმარებოდნენ. მისი ნაწარმოებები მცირე შემოსავალს აძლევდა. 

1880-იანი წლებიდან პოპულარული გახდა. 1889 წლიდან ფსიქოლოგიური დაავადებით დასნეულდა. მიზეზის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ზოგი თვლის, რომ ის მოწამლეს. ბევრს მიაჩნია, რომ გენეტიკური იყო მისი დაავადება, რადგან მამამისსაც ამგვარი რამ დაემართა. ზოგიერთი ამ დაავადების გამოწვევას სიფილისს აბრალებს... 

არის გადმოცემა, რომ მას სიფილისი ჰქონდა და ამიტომ ქალებს აღარ ეკარებოდა, რომ არ დაეავადებინა... 

1900 წლის 25 აგვისტოს ფრიდრიჰ ნიცშე გარდაიცვალა. 

მეოცე საუკუნის დასაწყისში ნიცშემ დიდი გავლენა იქონია მსოფლიოს მოაზროვნეთა გონებაზე. ფრიდრიჰ ნიცშეს  დიდი პატივს სცემდნენ საქართველოშიც. განსაკუთრებით კონსტანტინე გამსახურდია და გრიგოლ რობაქიძე. აღარაფერს ვამბობ ერეკლე ტატიშვილზე, რომელმაც თარგმნა „ესე იტყოდა ზარატუსტრა“.  

ვალერიან გაფრინდაშვილი გრიგოლ რობაქიძეზე წერდა: „უძილო ღამეში ფიქრობს თავის ალკაზე (ცოლზე - გ. მ.); მის წინ ჩაიქროლებენ ფეხშიშველა რითმები - მენადები. მას ელანდება სააკაზე, ნიცშე, სასაფლაო და საოცნებო ფანქრით გამოჰყავს მარმარილოს ტილოზე ლექსი, ხმამაღლა იმეორებს სტრიქონებს, თითქოს საცერში ატარებს, მაგრამ ჩრდილი მოაწვება ფანჯრებს და ის გადიხურავს საბანს. აივანზე ვიღაც დადის. იქნებ ეს არის ჭინკა, იქნებ ეს არის ალლა“. 

გრიგოლ რობაქიძე ლექციების ციკლს კითხულობდა ნიცშეს შესახებ. 

კონსტანტინე გამსახურდიამ ფრიდრიჰ ნიცშეს უძღვნა ლექსი, რომელსაც ვთავაზობთ პრესა.გეს მკითხველს. 

ნიცშეს ნუ წარმოვიდგენთ მხოლოდ კრიტიკოსად, ნურც მხოლოდ ზეკაცის მაქებრად, ნურც მხოლოდ დაუნდობლად. მის გულს დიდი სიყვარული აფორიაქებდა...

 

ფრიდრიჰ ნიცშეს

 

იყო გოლგოთა, ვაიმარი და სილს მარია.

ახალი დროის მატიანე შენ მოგინდება,

შენ გვაგრძნობინე, სინამდვილე რომ სიზმარია,

რომ ახლოვდება ძველ ღმერთების შემობინდება.

ანთიხარ ისე... (მაგრამ ნეტავ ვის შეგადარებ)

ჩემს გულში ცეცხლი უხილავი, უცხო მშვენების

და ამიტომაც მირაჟების და მოჩვენების

სისხლიან მასკებს დაფარულად გულში ვატარებ.

შენ ამ სამყაროს უდუელოდ ვერ შეეთვისე,

წახვედი სოფლის ვარამისგან გულგამეხილი.

წმინდა ფრიდრიჰი და ჯვარცმული ხარ დიონისე,

ჭაბუკი მუხა, გრიგალისგან გადატეხილი.

ო, შუა გზაზე რა ძნელია შემოღამება,

რომ უკვდავებით შეისყიდო ქვეყნის წამება.

 

1921 წელი