მინაშვილი: პრეზიდენტი საკუთარ მანდატს კონსტიტუციის ვადებში ამოწურავს

  19:35:34     24-10-2012

საპარლამენტო უმცირესობა დღეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და სამთავრობო პროგრამას კიდევ ერთხელ გაეცნო. პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილს ესაუბრა...

- ახალმა მთავრობამ სამოქმედო პროგრამა წარმოადგინა. რამდენად მზად არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ქვეყნის სამართავად?

- მინისტრობის კანდიდატებთან მოსმენები გაიმართა, რომელიც საინტერესო და საქმიანი იყო, თუმცა, რიგ შემთხვევებში, მათი პასუხები ბუნდოვანი იყო, რადგან მათ სრულად არ აქვთ წარმოდგენილი თუ რას და როგორ განახორციელებენ.

ამასთან, სამთავრობო პროგრამაში სხვა რამ უწერიათ და ზეპირი საუბრისას, სხვა პოზიციას აფიქისრებენ, რაც ძალიან საკვირველია. ასევე ცუდია, რომ სამთავრობო პროგრამა გადაგზავნილი იყო მხოლოდ გუშინწინ საღამოს, რამაც ჩართულობას ხელი შეუშალა.

მთავრობასა და პარლამენტს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან კონსტრუქციული ოპოზიცია ვართ. რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, ალექსი პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ნატო და ევროკავშირი უალტერნატივოა და თქვეს, რომ მანამ, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არ ხდება, რაც მისასალმებელია და მოხარული ვარ, რომ მათი ხედვები რადიკალურად შეიცვალა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

- როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან დიალოგის რეჟიმის განახლება და ემბარგოს მოხსნა?

- ქვეყნებს შორის დაილოგი ვერ წარმომიდგენია, რადგან მოსკოვის მიდგომა განსხვავებულია, მას გავლენის სფეროების მიდგომა აქვს და წინაპირობებით საუბრობს.

გახსოვთ, რომ არჩევნების შემდეგ, რუსების პირველი განცხადება იყო, რომ დე-ფაქტო აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ უნდა ვაღიაროთ, რაც მთელი ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

რაც შეეხება ემბარგოს, ამასთან დაკავშირებით ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და არ მგონია, ეს დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს, რადგან რუსეთი ამ საკითხის შესრულების ნაცვლად ისეთ პირობებს დააყენებს, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

ამის მაგალითია მოლდავეთი, სადაც ვითომ ღვინის ექსპორტი აღდგა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისეთი პირობები იქნა დაწესებული, რომ კორუფციული სქემები გამოიკვეთა.

- ვინაიდან, ოპონენტებთან პირველი დებატები უკვე გამართეთ, მათში სისუსტეები თუ იპოვეთ და რა ტიპის?

- სისუსტეებია ის, რომ სრულად არ არის ის ხედვები წარმოდგენილი თუ რას და როგორ აპირებენ. უნდა ითქვას, რომ რიგ შემთხვევაში, მათი ბევრი წინასაარჩვენო დაპირება სასიკეთოდ არის შეცვლილი ან პირიქით, რაც არასტაბილურობის განცდას ტოვებს, მაგრამ ოპოზიცია ძალიან აქტიური იქნება და მთავრობაზე მუდმივი კონტროლი გვექნება. ჩვენ ქვეყნის ოპოზიცია არ ვიქნებით და ჩვენი მიზანია, რეფორმები გაგრძელდეს.

- უმცირესობა აცხადებთ, რომ „ქართულ ოცნება“ თქვენს მაჟორიტარებზე ზეწოლას ახორციელებს. რატომ არ ასახელებთ, მუქარის შემცველ კონკრეტულ ფაქტებს?

- ზეწოლა არა მხოლოდ დეპუტატებზე, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს, რაც არასამართლიანია. ეს არ არის სწორი პოლიტიკური კურსი და ამას „ქართული ოცნება“ უნდა ხედავდეს. მათზეა პასუხისმგებლობა, რომ დემოკრატიული სვლა გააგრძელოს და მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს.

- როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ბიძინა ივანიშვილი?

- სხვადასხვა მიზეზების გამო, პესიმისტურად ვარ განწყობილი. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არასტაბილური მიდგომები და ჩამოუყალიბებელი პოზიციები აქვთ.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოსტი ვადამდე ადრე დატოვოს...

- პრეზიდენტს დემოკრატიული მანდატი აქვს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია და ის საკუთარ მანდატს კონსტიტუციურ ვადებში ამოწურავს.