ივანიშვილის ჩიხი...

  12:58:53     24-10-2012

ივანიშვილს თითქმის ყველა წინასაარჩევნო დაპირებაზე ბუნდოვანი პასუხი აქვს. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ ის პენსიის 230 ლარამდე გაზრდას, არა „მყისიერად“ და „დაუყოვნებლივ“, (როგორც აცხადებდა), არამედ „რამდენიმე წლის შემდეგ“ გეგმავს, კიდევ ერთი „უცნაურობის“ მომსწრე გავხდით.

ივანიშვილს კონკრეტული პასუხი არ აქვს კითხვაზე: როდის შეასრულებს მისივე დაპირებებს კრედიტების ჩამოწერისა და საბანკო-საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესახებ?

ოლიგარქი ვერც მორიგ კითხვაზე იძლევა ცხად პასუხს: როდის და რამდენი პროცენტით დაწევს კომუნალურ გადასახადებს?

სამაგიეროდ, გვიმტკიცებს, რომ პენსიებს 230 ლარამდე „რამდენიმე წლის შემდეგ გაზრდის“, თუმცა, დეპუტატ გია კარბელაშვილის კითხვაზე: აპირებთ თუ არა, თქვენი განცხადებების შესაბამისად, პოლიტიკიდან 2 წლის შემდეგ წახვიდეთ, პასუხობს: „უფრო ადრე, წელიწად ნახევარში წავალ პოლიტიკიდან“...

საინტერესოა, თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან წელიწად ნახევარში მიდის: ვინ უნდა შეასრულოს მისივე დაპირებები: პენსიის 230 ლარამდე გაზრდის, კრედიტების ჩამოწერის, საპროცენტო განაკვეთების დაწევის, კომუნალური გადასახადების შემცირებისა და სხვა უტოპიური „საჩუქრების“ შესახებ?

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ახალ პარლამენტში უმცირესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ივანიშვილს ხვდება. შეხვედრას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში გადასცემს..